პური შესაძლოა კიდევ გაძვირდეს
რუსეთმა ხორბლის საექსპორტო გადასახადი $80.8-მდე გაზარდა.
რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულების გამო, ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა საქართველოში პურის გაძვირებას არ გამორიცხავს.
„ახლახან საერთაშორისო ტენდერში თურქეთმა 1 ტონა ხორბალში $375 დოლარი გადაიხადა. ხორბლის ცუდმა მოსავალმა და რუსეთის მიერ საბაჟო მოსაკრებლის გაზრდამ, ხორბლის ფასი უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე აიყვანა. რუსეთის დღევანდელი გადაწყვეტილება ფასს კიდევ უფრო გაზრდის. 15 თებერვლიდან რუსეთი დამატებითი რეგულაციებს, ანუ ე.წ. კვოტირების შემოღებასაც გეგმავს და ეს ხორბალს კიდევ უფრო გააძვირებს. შესაბამისად, პერსპექტივა იმისა, რომ საქართველოში პური გაძვირდეს, სავსებით რეალურია“,- განუცხადა „ბიზნეს ფორმულას“ სილაგავამ.
პურის შესაძლო გაძვირების კიდევ ერთ მიზეზად სილაგავა საწვავის, გაზისა და ელექტროენერგიის გაძვირებასაც ასახელებს.
„31 დეკემბერს სრულდება ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამა. სახელმწიფომ გაძვირებული ტარიფის 50% დაუსუბსიდირა პირველადი მოხმარების პროდუქციის გამომშვებებს. მათ შორის, პურისა და ფქვილის წარმოებას. 1 იანვრიდან ეს პროგრამაც სრულდება და ესეც დაეტყობა ბაზარს“,-აცხადებს სილაგავა.
შექმნილ სიტუაციაში, სილაგავა გარკვეული ზომების მიღების აუცილებლობაზე საუბროს. პირველი, ესაა პურის ფასის სუბსიდირება. სილაგავას განმარტებით, სუბსიდირება უნდა შეეხოს მხოლოდ სოციალურად დაუცველებს, რაც სახელმწიფოს ერთ სულზე თვეში, დაახლოებით სამი ლარი დაუჯდება. მეორე ვარიანტია ხორბლის იმპორტზე არსებული გადასახადის განულება – გზა, რომელიც აზერბაიჯანმა და თურქეთმა აირჩია.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ფქვილის სუბსიდირების პროგრამაზე, რომელიც გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო და 4 თვის განმავლობაში გრძელდებოდა 10 მილიონი დახარჯა. სუბსიდირების პროგრამა მარტში კიდევ სამი თვით გაგრძელდა და საქართველოს ბიუჯეტიდან დამატებით 6 მილიონი ლარი დაიხარჯა. სუბსიდირების პროგრამის დასრულების შემდეგ პური საქართველოში ორჯერ, ათ-ათი თეთრით გაძვირდა.