ახალი ამბები

გურჯაანში აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის სამარხი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ შეისწავლა- ფოტოები

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანადგომით, გურჯაანში შესწავლილი იქნა ძველი წელთაღრიცხვის დასაწყისის სამარხი.

ისტორიკოსის, თამაზ მარკოზაშვილის თქმით, აღმოჩენილი იქნა, ბრინჯაოს სატევარი, საკინძი და 15 ცალი თიხის ჭურჭელი.

,,როგორც ირკვევა, გურჯაანის ტერიტორიაზე ადამიანი დასახლებულა ჯერ კიდევ 3000 წლის წინ. არქეოლოგიურმა აღმოჩენამ ძირეულად შეცვალა გურჯაანის ისტორია. ქალაქი გურჯაანი 1934 წლის 25 მაისს დაარსდა, საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით. ახალი არქეოლოგიური აღმოჩენით დასტურდება, რომ გურჯაანის ტერიტორიაზე დასახლება გაჩენილა ჯერ კიდევ გვიანი ბრინჯაოს ხანაში, ანუ დაახლოებით 3000 წლის წინ. გურჯაანი არამარტო მეღვინეობის ქალაქია, არამედ უძველესი ცივილიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა კახეთის მხარეში”,– აცხადებს მარკოზაშვილი.

შეგახსენებთ, სოფელ გურჯაანში მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის დროს, ბრინჯაოს ხანის ორმო-სამარხი აღმოაჩინეს. ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის დასაწყისის სამარხი დაახლოებით 70 სმ სიღრმეზე იყო, სადაც ბრინჯაოს სატევარი, 15-მდე თიხის სხვადასხვა ზომისა და ფორმის ჭურჭელი და ბრინჯაოს ნემსი იყო დამარხული.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მასალები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, სააგენტოს რეგიონალური ინსპექციის და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა თბილისში გადაიტანეს, სადაც მათი რეაბილიტაცია და გურჯაანში დაბრუნება მოხდება. არქეოლოგიური დასკვნა გარკვეული დროის შემდეგ გახდება ცნობილი.