ახალი ამბები

“აი, ფაქტი” – კახეთის საარჩევნო უბნების პროპორციული ოქმების ხელახალი გადათვლის შედეგებს ავრცელებს

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებამ „აი, ფაქტი“ 2 ოქტომბრის კენჭისყრის პროპორციული ოქმები გადათვალა და 3,743 საარჩევნო უბანზე ინფორმაცია დაამუშავა.

ინფორმაციის დამუშავების შედეგად აღმჩნდა, რომ უბანზე მისული ამომრჩევლის რაოდენობასა და კანდიდატებისთვის მიცემულ ხმებს + ბათილი ბიულეტენებს შორის დისბალანსი აღმოჩნდა ოქმების 27%-ში. „აი, ფაქტმა“ 2020 წლის არჩევნების პროპორციული ოქმებიც დაითვალა და მაშინ დისბალანსი აღმოჩნდა ოქმების 26 %-ში.

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებამ სხვა უბნებთან ერთად კახეთის რეგიონის 8 საარჩევნო ოლქში განთავსებული 317 საარჩევნო უბნის პროპორციული ოქმები შეისწავლა, რომლის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ უბნებზე 1 311 ბიულეტენის ნაკლებობა დაფიქსირდა. მათივე ინფორმაციით, ასევე დიდია გაბათილებული ბიულეტებენის რაოდენობაც, რომელმაც 5, 382 ბიულეტენი შეადგინა, რაც პროცენტულად 3, 3 %-ია.

,,317 უბნიდან ყველა შემთხვევაში მოხდა შესწავლა პროპორციული ოქმების. აქედან ოქმებზე ხელმოწერა იყო 162 319 ხელმოწერა, ბიულეტენი კი 162, 073. აქედან გაბათილდა 5, 382 ბიულეტენი, რაც პროცენტულად 3,3%-ია. უარყოფითი დისბალანსი ანუ ნაკლებობა დაფიქსირდა 102 შემთხვევაში, ზედმეტობა კი 6 შემთხვევაში. საშუალოდ უბანზე გაბათილებული ბუილეტენების რაოდენობა შეადგენს 17-ს”,– წერია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებას საკუთარი სოციალური ქსელის გვერდზე კახეთის რეგიონის სხვა უბნების მონაცემებთან ერთად მაგალითად მოყავს ყვარლის საარჩევნო ოლქის ერთ-ერთი უბნის შემაჯამებელი ოქმი, სადაც საბოლოოდ მითითებულ მონაცემებსა და ბიულეტებენის ჯამს შორის დისბალანსია.
,,მაგალითისთვის, გადავამოწმეთ ყვარლის #7 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი, სადაც პარტიებისთვის მიცემული ხმების და ბათილი ბიულეტენების ჯამი 12-ით ნაკლებია უბანში მისული ამომრჩევლის რაოდენობაზე. გამოდის, 12 ხმა გაქრა”,- აცხადებენ გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებაში.

გარდა რეგონული ჭრილისა, ორგანიზაციას ასევე მუნიციპალიტეტების მიხედვით აქვს ჩაშლილი ყველა დეტალი და მიგნება, რომელიც პროპორციული ოქმების შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დამუშავდა.

მაგალითად თელავის მუნიციპალიტეტში განთავსებული 55 საარჩევნო უბნიდან, ბათილი 1, 066 ბიულეტენია, რამაც 3% შეადგინა. არსებული ინფორმაციითვე, ბიულეტენის ნაკლებობა 22 შემთხვევაში, ხოლო მეტობა 2 შემთხვევაში დაფიქსირდა.
ორანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თელავის მე-17 საარჩევნო ოლქში განთავსებული 55 საარჩევნო უბნიდან 1-დან 5-მდე რაოდენობის დისბალანსი 23 უბანზე გამოვლინდა. აღნიშნული მონაცემებით, უბანზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობა ხელმოწერების მიხედვით, მიღებული ხმების რაოდენობაზე მეტია.
აღნიშნული 23 უბნიდან კი სამ შემთხვევაში,38-ე, 52-ე და 55-ე საარჩევნო უბნებზე დისბალანსი ხელმოწერებსა და მიღებულ ხმებს შორის დიდია. მაგალითად 55-ე უბანზე, რომელიც სპეციალურად კოვიდპაციენტებისთვის შეიქმნა, 115 ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული, აქედან ამომრჩევლის 77 ხელმოწერაა ოქმში დაფიქსირებული, ხმების რაოდენობა კი 128-ს შეადგენს. გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების ინფორმაციით, აღნიშნულ უბანზე 51 ბიულეტენის ზედმეტობა დაფიქსირდა, რომელიც გაბათილებულია.

,,ასევე მე-8 საარჩევნო უბანზე ორი პარტიის ხმები შესწორების ოქმითაა გასწორებული, 28-ე უბანზე მდივანს არ აქვს ხელი მოწერილი, ხოლო 29-ე უბანზე არ არის კომიისის თავმჯდომარის ხელმოწერა.”

შეგახსენებთ, კახეთის 8 საარჩევნო ოლქიდან მერის პოზიციაზე გამარჯვებული არჩევნების პირველივე ტურში გამოვლინდა. ხმების უმრავლესობა მმართველი პარტიის მერობის კანდიდატებმა მიიღეს.
მერის ასარჩევად მეორე ტური ჩატარდება თელავის საარჩევნო ოლქში. ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს ,,ქართული ოცნებიდან” ლევან ანდრიაშვილსა და ,,ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი ბოტკოველს შორის მოუწევს.

მეორე ტური ჩატარდება ახმეტის მუნიციპალიტეტის დუისი-წინუბნის მაჟორიტარულ ოლქში. მეორე ტური გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, მალხაზ მაჩალიკაშვილსა და მმართველი პარტიის წარმომადგენლის, ელდარ ბაღაკაშვილს შორის გაიმართება.

მეორე ტურია ჩანიშნული ყვარლის მუნიციპალიტეტის საბუე-ალმატის ოლქში. ერთმანეთს ,,ქართული ოცნების” კანდიდატი მამუკა ბერიაშვილი და პარტია ,,საქართველოსთვის” კანდიდატი რატი ტურიაშვილი დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, 7 საარჩევნო ოლქში მერობის კანდიდატი ხმათა უმრავლესობით პირველივე ტურში გამოვლინდა. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, უმეტესობაში ხმების დიდი პროცენტი მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა მიიღეს.

კახეთის 8 საარჩევნო ოლქში კენჭისყრის დღეს და მის შემდგომ პერიოდში 85 საჩივარი დაიწერა. მუნიციპალიტეტების მიხედვით კი საჩივრების რაოდენობა ასეთია: თელავი- 7 საჩივარი, სიღნაღში -13, ყვარელი -19, ახმეტა-4, ლაგოდეხი-20, დედოფლისწყარო-9, გურჯაანი -5 და საგარეჯო-8. საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელების განცხადებით, საჩივრების ნაწილი განიხილეს, საიდანაც ზოგიერთი დაკმაყოფილდა.

მათი თქმით, ისინი ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა და საუბნო კომისიის წევრებმა გაფრთხილება მიიღეს. მათივე განმარტებით, საჩივრების ნაწილის განხილვა ამ დღეებში იგეგმება, თუმცა ის ისეთი ხასიათის არის, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

საოლქო კომისიებში აცხადებენ, რომ საჩივრების განხილვიდან ორი დღის ვადაში წარმდგენებს აქვთ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.