მიუსაფარი ცხოველების დამცველი 17 წლის ახალგაზრდა ყვარლიდან
ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 17 წლის ნათია ბეუქლიშვილი მიუსაფარ ცხოველებს პატრონობს.
ახალგაზრდას სახლში 5 ძაღლი ყავს, საიდანაც 4 ქუჩიდან აყვანილია, თუმცა მისი განმარტებით, ის იმ ცხოველებსაც პატრონობს, რომელთა შეფარებასაც ვერ ახერხებს.
ნათია ამბობს, რომ უკვე ოთხი წელია რაც მიუსაფარ ცხოველებს უვლის. იგი ამბობს, რომ შესაძლებლობის ფარგლებში ყვარლის მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ცხოველების აცრებს და სტერილიზაცია/კასტრაციას უზრუნველყოფს.
“3-4 წელია მიუსაფარ ცხოველებს აქტიურად ვეხმარები, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღე რაც მიკედლებული ძაღლი მომიკლეს. მაშინ მივხვდი რამდენად დაუცველები იყვნენ ისინი და ვინმე უნდა გამოჩენილიყო ვინც მათ უფლებებს დაიცავდა. ვფიქრობ ეს ყველაფერი გამომდის”,- განუცხადა knews.ge-ს ნათია ბეუქლიშვილმა.
ნათიას თქმით, მთავარი პრობლემა დღეს მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ცხოველების სიმრავლეა. გოგონა განმარტავს, რომ ის საკუთარი ფინანსებით თავად ახდენს ცხოველების სტერილიზაციას, თუმცა მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
“ბევრი მიუსაფარი ცხოველია. გაასტერილებ 10-20 ძაღლს, მეორე დღეს ისევ იგივე რაოდენობა მხვდება, რადგან პატრონები ქუჩაში აგდებენ. ეს მე არ მაფერხებს და პირიქით მინდა, რომ რაც შეიძლება მეტ ცხოველს დავეხმარო’‘,- აღნიშნავს Knews.ge-სთან საუბრისას ნათია ბეუქლიშვილი.
ახალგაზრდა ამბობს, რომ მიუსაფარ ცხოველებს საკუთარი ხარჯებით, ხან კი ,,მიუსაფარი ცხოველების დახმარების ჯგუფების” საშუალებით ეხმარება. როგორც თავად აღნიშნავს, ცხოველებში ძირითადად გავრცელებული დაავადება ერლიხიოზია, რომელიც თითქმის ყველა მიუსაფარ ძაღლს აქვს და მისი მკურნალობა საკმაოდ დიდ ხარჯებს მოითხოვს.
ნათია ამბობს, რომ ეს პარაზიტული დაავადებაა, რომელიც ტკიპის ნაკბენისგან ჩნდება და ადამიანისთვის საშიში არ არის. გოგონას თქმით, მიუსაფარი ცხოველების და მისი საქმიანობის მიმართ ხალხის დამოკიდებულება თავიდან ნეგატიური იყო,თუმცა ეს მიდგომა დროთა განმავლობაში შეიცვალა.
“ხალხის დამოკიდებულება წინა წლებში ჩემი და ჩემი საქმიანობის მიმართ უარყოფითი იყო. ეგონათ ჩემი ბრალი იყო ამდენი ძაღლი ქუჩაში მაგრამ ეს მიდგომა ნელ-ნელა შეიცვალა. მათ გაიგეს, რომ ეს პრობლემა არასდროს მოგვარდება თუ ჩვენ არ ჩავერიეთ. მინდა ყველა ადამიანს მოვუწოდო, უყვარდეთ მიუსაფარი ცხოველები, ისინი თავის დროზე სახლის ლამაზი ლეკვები იყვნენ, სანამ არ გამოაგდეს. თუნდაც ერთი ძაღლის დაპურება და მისი გადარჩენა ძალიან დიდი ბედნიერებაა. როცა ხვდები რომ იმ დღეს შენი წყალობით მშიერი არ იქნება”.
ახალგაზრდა სამომავლოდ სწავლის გაგრძელებას ვეტერინარიის კუთხით გეგმავს.
“ცხოველების გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია”,- აცხადებს ნათია.