შსს-ში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
მიხეილ სააკაშვილმა დილით სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მიანიშნა, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია. ამასთან, მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნებს, რომ იმყოფება ბათუმში.
„ეს არის ჩემი ბათუმი, ისე მენატრებოდა აქაურობა, დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება“, – ამბობს ვიდეომიმართვაში სააკაშვილი.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის ვიდეო თავიდან დიფ ფეიკის ტექნოლოგია ეგონათ, თუმცა ბევრად მარტივი აღმოჩნდა, ექსპერტები მუშაობენ და პასუხი მალე გახდება ცნობილი.
„საზოგადოებას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, მაგრამ ამასთან ერთად, საზოგადოებას მაინც მოვუწოდებ 2 ოქტომბერს სრული მობილიზაციისკენ, რათა ეს კლოუნადა დასრულდეს, 25 პროცენტიც არ უნდა აიღოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“. რაც შეეხება ვიდეოს, თავიდან გვეგონა დიფ ფეიკის ტექნოლოგია, თუმცა საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ბევრად მარტივი ტექნოლოგია. ძალიან მარტივად არის გადაღებული, ჩვენი ექსპერტები მუშაობენ და ძალიან მარტივად გვეტყვიან ამაზე პასუხს. ძალიან მარტივი ფეიკია, რაც მიხეილ სააკაშვილისგან, ბუნებრივია, არავის უკვირს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.