,,თატელინო”- გაიცანით დები ლაგოდეხიდან, რომლებმაც თბილისში ცხოვრებას, სოფელში ბიზნესის დაწყება ამჯობინეს
ლაგოდეხში მცხოვრებმა დებმა, ნინო და თამილა ჯიშკარიანებმა, მუნიციპალიტეტში სამკერვალო ,,თატელინო” გახსნეს და საქმიანობა დაიწყეს. ისინი საწოლის თეთრეულს, მაგიდის გადასაფარებლებს, აბაზანის ხალათებს, ჩანთებს და სხვადასხვა ნივთებს ამზადებენ და როგორც ადგილზე, ისე ინტერნეტის საშუალებით ყიდიან.
მათი განმარტებით, ბავშვობიდან ქსოვილებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს სოფელში ჩამოსვლა და საყვარელი საქმის ბიზნესად ქცევა. ნინო ჯიშკარიანის თქმით, 90-იან წლებში, როცა სტუდენტი იყო, მაშინ ბაზარზე ჭირდა მზა ტანსაცმლის ყიდვა, ის კი ქსოვილებს ყიდულობდა და საკუთარი გემოვნებით ქმნიდა სამოსს.
,,ლაგოდეხში გაზრდილები ვართ. ბავშვობიდან განსაკუთრებული სიყვარული გვქონდა კერვისა და დიზაინისადმი. ჩვენ მიერ სახატავ რვეულებში შექმნილი რამდენიმე დიზაინი წლების შემდეგ ცნობილი დიზაინერების ჩვენებებზეც კი გვინახავს. მახსოვს, ერთხელ, 16 წლის თამილამ ულამაზესი მაქმანებით გაწყობილი პერანგი შეიკერა. მაშინ სულ რაღაც 8 წლის ვიყავი. უფროსი დის შედევრს თვალს ვერ ვაშორებდი და ერთ დღესაც, გულმა ვეღარ მომითმინა, პერანგი ავიღე, საკერავ მანქანასთან მივიპარე და ჩემს ზომაზე გადავაკეთე. სწორედ ამ გატაცებამ გვიბიძგა, ჩვენი ნიჭი და შრომა რეალურ საქმედ გვექცია და ჩვენი მცირე ბიზნესი დაგვეფუძნებინა. ლაგოდეხი ჩვენი მშობლიური რაიონია, ვცხოვრობთ თბილისში, მაგრამ სულ ახლახან გადმოვედით ლაგოდეხში. სამკერვალოს გახსნის იდეა დიდი ხანია გვქონდა, ერთი წელია რაც შევძელით ჩვენივე ძალებით ამ პატარა საწარმოს გახსნა ჩემს საცხოვრებელ სახლში. გარდა ამისა, გვქონდა მცდელობა გაგვეხსნა კომპლექსური საოჯახო საწარმო, სადაც ოჯახისთვის საჭირო ყველა ნივთს: ლეიბებს, საბნებს, ბალიშებს, თეთრეულს, ფარდებს, სუფრებს და ა.შ დავამზადებდით და განვაახლებდით, ამისთვის 2023 წლის გაზაფხულზე პროექტი დავწერეთ “აწარმოე საქართველოში”, გრანტის მოსაპოვებლად, სამწუხაროდ ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა”,- აცხადებს ნინო ჯიშკარიანი knews.ge-სთან საუბრისას.
მისი თქმით, საწარმო შარშან გახსნეს და საყვარელ საქმესთან ერთად შემოსავალსაც იღებენ. ამ ეტაპზე ნინო და თამილა ჯიშკარიანები საწოლის თეთრეულს, მაგიდის გადასაფარებლებს, აბაზანის ხალათებს, ჩანთებს ამზადებენ.
,,ჩვენთვის კერვა მხოლოდ პროფესია არ არის. ეს არის საქმე, რომელსაც დიდი სიამოვნებით ვაკეთებთ. თითოეული პროდუქტი სიყვარულითა და ზრუნვით იქმნება, რაც, ვფიქრობთ, ჩვენს ნამუშევრებშიც ჩანს. ამ ეტაპზე ვქმნით თეთრეულს, მაგიდის გადასაფარებლებსა და აბაზანის კომპლექტებს. თუმცა, ჩვენი იდეები გაცილებით მრავალფეროვანია და იმედია, სულ მალე პროდუქციის ასორტიმენტის კიდევ უფრო გაფართოებას შევძლებთ. მომხმარებელი, ძირითადად, ჩვენი სოციალური პლატფორმებიდან და კმაყოფილი მომხმარებლების რეკომენდაციებით მოვიზიდეთ. ამ დროისთვის ძალიან პოპულარულია საოჯახო თეთრეული და მაგიდის წყალგაუმტარი გადასაფარებლები. ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს ჩვენს მიერ დამზადებულ აბაზანის ხალათებსაც. სამუშაოდ, ნაჭრის არჩევისას უდიდესი ყურადღება ექცევა ხარისხს, ფერსა და პრინტებს კი მომხმარებელთან ერთად ვარჩევთ. ხშირად ჩვენი და მომხმარებლის არჩევანი ერთმანეთს ემთხვევა კიდეც”,- აცხადებს ნინო.
ნინო ასევე სამომავლო გეგმებზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ საქმიანობის გაფართოვებისთვის ფინანსები და დამატებითი სამუშაო ტექნიკა სჭირდებათ.
,,იმისთვის, რომ უფრო მეტი პროდუქტი შევქმნათ, გვჭირდება უფრო მეტი პროფესიონალური მანქანა, უფრო ფართო სამუშაო სივრცე და, რა თქმა უნდა, მეტი რესურსი მასალების შესაძენად. გამოწვევა, ძირითადად, ფინანსურ მხარეს უკავშირდება, თუმცა ჩვენი მოტივაცია და ენთუზიაზმი ამ დაბრკოლებებს აუცილებლად გადალახავს. სამომავლოდ ჩვენი პროდუქციის ხაზი გვინდა, მეტად მრავალფეროვანი იყოს. ვაპირებთ, ტანსაცმლის ხაზიც შევქმნათ. ჩვენი ოცნებაა, ,,თატელინომ” მთელი საქართველოს მასშტაბით დაამშვენოს სახლები. გარდა ამისა, ასევე გვინდა საქარგავი მანქანა, კანტის მისაკერებელი და ა.შ. ამ იდეების განხორციელებას ფინანსები სჭირდება, ჩვენი გამომუშავებული თანხა კი ძირითადად საბრუნავი საშუალებებისთვის იხარჯება”,- აცხადებს ნინო ჯიშკარიანი.