მზეს-უმზირა-გურჯაანელი ახალგაზრდის მიერ შექმნილი ხელნაკეთი სარკეები
გურჯაანელი მარიამ ივანიშვილი ხელნაკეთ სარკეებს ამზადებს. ის საკუთარ ნამუშევრებს სხვადასხვა ნახატებით აფორმებს და ინტერნეტის საშუალებით ყიდის.
მარიამი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ იდეა 4 თვის წინ დაიბადა და მისმა ნამუშევრებმა საზოგადოების ყურადღება მალევე მიიქცია.
,,მზეს-უმზირა ჩემი წარმატებული სტარტაპია, რომლის იდეაც 4 თვის უკან დაიბადა. საზოგადოებას ვთავაზობ ხელნაკეთ სარკეებს, რომელიც იხატება ჩემს მიერ, ფორმებს კი ჩემი მეუღლე ჭრის, რომლის გარეშეც, ვფიქრობ, ვერაფერს შევძლებდი. ეს ჩვენი საერთო საქმეა და ორივეს ძალიან გვიყვარს. ჩვენთვის ეს საქმიანობა ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან მუშაობის პროცესი ორივეს ძალიან გვსიამოვნებს, მატერიალური კეთილდღეობის გარდა, თვითგამოხატვის შესანიშნავი წყაროა’’,- აცხადებს მარიამ ივანიშვილი.
მარიამი განმარტავს, რომ სარკეების დამზადება დიდ შრომას და ენერგიას მოითხოვს. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში მოთხოვნა მის მიერ დამზადებულ სარკეებზე საგრძნობლად გაზრდილია.
,,ეს საქმიანობა ძალიან დიდ დროს, შრომას და ნებისყოფას მოითხოვს, თუმცა ეს საქმე მე სიამოვნებას მანიჭებს. რეალიზაციას ვახდენ ჩემი ფეისბუქ გვერდის დახმარებით. დამზადებულ სარკეებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია, რაც ძალიან მახარებს. ბედნიერი ვარ იმ ფაქტით, რომ შრომა მიფასდება და მომხმარებელი კმაყოფილია’’.
იგი ასევე განმარტავს, რომ მომხმარებელს შეკვეთილ ნივთებს კურიერის დახმარებით აწვდის. მარიამი ამბობს, რომ ნამუშევრების რაოდენობის გასაზრდელად, საჭიროა დამატებითი კადრის აყვანა. მისივე განმარტებით, ის ეტაპობრივად აპირებს სტუდიის მოწყობას და კადრის დამატებას.
,,ვცდილობ მომხმარებლისთვის მარტივი იყოს ყიდვის პროცესი, შეკვეთის გაფორმების შემდეგ, ნივთი კურიერს მიაქვს მისამართზე, რაც ძალიან კომფორტულია მომხმარებლისთვის. რაც შეეხება დამზადების დროს, დამოკიდებულია ნამუშევრის სირთულეზე. შეიძლება 4-5 დღე 1 სარკეზე მომიწიოს მუშაობა ან 3 სარკე დამზადდეს ამ დროში. გააჩნია სირთულეს და სარკის ზომას. ნამუშევრების რაოდენობის გასაზრდელად კი დამატებითი კადრია საჭირო. ეტაპობრივად ვაპირებ სტუდიის მოწყობას და კადრის დამატებას. ძალიან მალე დავამატებ საათებს და ასევე სანათების იდეაც მაქვს, თუმცა შეკვეთების რაოდენობიდან გამომდინარე რთულია ახალ პროდუქტზე მუშაობა’’,-აცხადებს მარიამი.