ელიას მთის დღესასწაული – ბლოგი
ყოველწლიურად 2 აგვისტოს ,,ელიაობას” განსაკუთრებულად დღესასწაულობენ დედოფლისწყაროში. აღსანიშნავია, რომ ელიას მთაზე წმიდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძარი მეექვსე საუკუნიდან არსებობს.
ელიას მთას სანამ მიუახლოვდებით, თქვენი აღფრთოვანება ჯერ კიდევ შორი მანძილიდან იქნება შესაძლებელი, რადგან, რაც უფრო შორიდან შეხედავთ მას, უფრო მკვეთრად დაინახავთ ქალის სილუეტს, რომელსაც მთების განლაგება ქმნის და რომელზეც არაერთი ლეგენდა დადის.
ქალაქ დედოფლისწყაროს სამხრეთით აღმართულია ორმწერვალიანი მთა. მისი ორივე მწვერვალი თეთრი კირქვის მძლავრი მასივია, რომელთაც გაბატონებული ადგილი უკავიათ დედოფლისწყაროს ზეგანზე და შორიდანვე იქცევენ მნახველის ყურადღებას.
ყოველ 2 აგვისტოს წინასწარმეტყველი წმინდა ილია თეზბიტელის ხსენების დღეს უამრავი ხალხი იკრიბება, ღამეს ათევენ უნაგირთას მთაზე და ლოცვას აღავლენენ ელიას კლდის ძირას.
როდის აშენდა წმინდა ელიას სამლოცველო არავინ იცის. ერთადერთი წერილობითი ცნობა მის შესახებ შემოგვინახა ალექსანდრე დიუმამ, რომელსაც ელიას კლდე უნახავს 1858 წელს. საქართველოში მოგზაურობის დროს მოკლე ჩანაწერი გაუკეთებია: ” თამარ მეფის ციხიდან, ექვსი ვერსის დაშორებით, აღიმართება კიდევ ერთი მთა, რომლის შესახებ გადმოცემა არსებობს. ამ მთას ელიას მთა ჰქვია, ძირს მლაშე ტბა ევლება, შუა მთაში გამოჭრილ ფართო მღვიმეში აშენებულია სამრეკლო, სადაც ხშირად დადიან მცხოვრებლები. გადმოცემა ამბობს, რომ ამ მღვიმეში ილია წინასწარმეტყველისთვის ყორანს საჭმელი მოჰქონდა და რომ მან თავისი წამოსასხამი თავის მოწაფეს ელისეს დაუტოვა, თვითონ კი მთის მწვერვალიდან ცაში ამაღლდა” .
წმინდა ელიას სამლოცველო ბევრჯერ გადაურჩა იმ ქარტეხილებს, რაც კახეთ-ჰერეთსა და, განსაკუთრებით, კამბეჩოვანს დაატყდა თავს. სამლოცველო დღემდე მოქმედია და სრულდება წირვა-ლოცვა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ადგილობრივ მკვიდრს.
იცოდით, რომ ელიის მთიდან გვირაბში არის შესასვლელი, რომლის ერთი ბოლო ხორნაბუჯის ციხეში გადის. ეს გვირაბი სწორედ რომ ელიის მთაში შედის და იქიდან გადის სხვადასხვა მხარეს. ხორნაბუჯში კი გვირაბის გამოსასვლელი ადგილია, რაც ამ ფაქტის სინამდვილეს ადასტურებს.
როგორც ამბობენ ამ გვირაბიდან გზა რამდენიმე მხარეს გადიოდა, მაგრამ ცნობილია მხოლოდ ერთი, ხორნაბუჯში გამავალი ბოლო. დღესდღეობით ეს გვირაბი ჩამონგრეულია და მხოლოდ შესასვლელია დარჩენილი.