დაწესდება თუ არა შეზღუდვები არავაქცინირებული მოსახლეობისთვის
ამ დრომდე საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფობითია.
იგეგმება თუ არა შეზღუდვები არავაქცინებული ადამიანებისთვის, ამ საკითხზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ისაუბრა.
„პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ვაქცინის ხელმისაწვდომობის პრობლემა დღის წესრიგიდან საერთოდ მოხსნილია. ახლა სხვადასხვა რეგიონში ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზეა საუბარი. ეს ყველაზე მარტივი თემაა, რომელიც შეიძლება განმარტებითი საქმიანობით გავანეიტრალოთ. ამ თვალსაზრისით, შეზღუდვების დაწესებაზე ჯერ არ ვფიქრობთ, რადგან ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. რეგისტრაცია „ფაიზერზეც“ ისე წავიდა – თითქმის იმდენი დარეგისტრირდა, რამდენიც აქამდეა ვაქცინირებული.
ამდენად, იმედი გვაქვს, მასობრივ ვაქცინაციას დამატებითი სავალდებულოობის შემოღების გარეშეც მოვახერხებთ. თუმცა არის სფეროები, სადაც დასაქმება საერთაშორისო დონეზე ხდება და იქ არა საქართველოს კანონმდებლობით, არამედ საერთაშორისო სტანდარტებით კომპანია ვაქცინირებული თანამშრომლების ყოლას მოითხოვს. ეს ეხება მაგალითად ზღვაოსნობას. ამასთან, სხვადასხვა ტიპის შეზღუდვა შემოაქვთ, მათ შორის ევროპულ ქვეყნებს, ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით. არ გამოვრიცხავ, რომ ვაქცინირებულის სტატუსი მოგზაურობას გაამარტივებს”, – განაცხადა ნათია თურნავამ.