აკუსტიკური იარაღის ტარება იკრძალება
საქართველოს პარლამენტმა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს კანონმდებლობაში აქამდე განსაზღვრული არ იყო აკუსტიკური იარაღის – ე.წ. „სტარტოვკის“ ცნება. უწყების ინფორმაციით, როგორც ცნობილია, აკუსტიკური იარაღი არ წარმოადგენს თავდაცვის საშუალებას და მისი ერთადერთი დანიშნულება ფუჭი ტყვიების გასროლა და აკუსტიკური ეფექტის შექმნაა. შესაბამისად, მსგავსი ტიპის იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება და გამოყენება ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის არასრულწლოვანსაც კი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეეძლო.
,,ბოლო პერიოდის პრაქტიკის ანალიზმა ცალსახად აჩვენა, რომ კრიმინალურ წრეებში უფრო და უფრო პოპულარული გახდა აკუსტიკური იარაღის გამოყენება სხვადასხვა მიზნით, მისი დაბალი ფასის, იოლი ხელმისაწვდომობისა და სამართლებრივი რეგულაციების არარსებობის გამო. აღნიშნულს ადასტურებს 112-ში შესული არაერთი შეტყობინება, კერძოდ: 2019 წლის განმავლობაში მსგავსი იარაღიდან გასროლის შესახებ 360 შეტყობინება განხორციელდა, 2020 წელს – 500 შეტყობინება, 2021 წლის განმავლობაში უკვე – 150-ზე მეტი შეტყობინება.
საკანონმდებლო ცვლილებებით, საქართველოს კანონმდებლობა დაუახლოვდა ევროკავშირის რეგულაციებს.
სწორედ, ევროკავშირის დირექტივის თანახმად, აკუსტიკური იარაღის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ თეატრალურ წარმოდგენებში, ისტორიული რეკონსტრუქციაში, აღლუმებსა და სპორტულ ღონისძიებებში.
ცვლილებების თანახმად აიკრძალა ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება. გარდა ამისა, შესაბამისი სამართლებრივი აქტით განისაზღვრა კანონით დადგენილი მიზნით იარაღის განმუხტულ მდგომარეობაში გადატანა-გადაზიდვის ვალდებულება. მოცემული რეგულაციების დარღვევისთვის, იარაღის კონფისკაციასთან ერთად, პირს დაეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, 1 წლის განმავლობაში კანონდარღვევის განმეორებით ჩადენა კი 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებასა და იარაღის კონფისკაციას გამოიწვევს.
ასევე ცვლილებების თანახმად, დასახლებულ ადგილას რეგისტრირებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღიდან სროლისთვის დღეს მოქმედი სანქციები შესაბამისობაში მოვიდა საკანონმდებლო ცვლილებებთან და დასახლებულ პუნქტში გასროლისათვის არსებული ჯარიმა 200 ლარიდან გაიზარდა 500 ლარამდე”,- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.