თამარ კაპანაძე – დაწყებითი განათლების მათემატიკის საუკეთესო მასწავლებელი ლაგოდეხიდან
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის 1-6 კლასების მათემატიკის მასწავლებელი თამარ კაპანაძე, მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსის გამარჯვებული გახდა.
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობას წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, პრობლემის გადაჭრისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებისთვის. პირისპირი და ონლაინ ტრენინგები, ქოუჩინგის სესიები, პროფესიული განვითარებისთვის საჭირო მრავალფეროვანი რესურსები და აქტივობები განკუთვნილი იქნება როგორც ქართულენოვანი, ისე არაქართულენოვანი საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის ყველა მასწავლებლისთვის და სკოლის დირექტორისთვის.
თამარ კაპანაძეს თქმით, კონკურსში მონაწილეობა მისთვის იყო დიდი გამოწვევა, მოტივაცია და სტიმული, რათა უკეთ წარმართოს მუშაობა მოსწავლეებთან.
,,ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი მაქვს ამ სკოლაში გატარებული ჯერ როგორც მოსწავლეს და მერე როგორც მასწავლებელს. დღეს კი ვარ თანამშრომელი ჩემი მასწავლებლის, რომელიც ჩემთვის იყო ყოველთვის მისაბაძი ადამიანი. მან შემაყვარა მათემატიკა და გადავწყვიტე, რომ ამ მიმართულებით წავსულიყავი.
ჩემთვის ამ კონკურსში მონაწილეობა იყო ძალიან დიდი გამოწვევა, დიდი მოტივაცია და სტიმული იმისა, რომ ჩემი შემდგომი მუშაობა უფრო ხალისიანად და უკეთესად დავგეგმო. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება.
ამან საშუალება მოგვეცა, რომ ახლებური მიდგომები, მეთოდები, რასაც ქვია კომპლექსურ დავალებებზე მუშაობა, მოსწავლეებისთვის ყოფილიყო უფრო შემოქმედებითი, ხალისიანი, აქტიური და მე ვცდილობ ჩემს საკლასო ოთახში მაქსიმალურად გადავიტანო ეს პროცესი და მოვარგო მოსწავლეების ინტერესებს და შესაძლებლობებს. თამაშით, კომპლექსურ დავალებებზე, ცალკეულ აქტივობებზე მუშაობით, მოსწავლეები მიდიან იმ საბოლოო დასკვნამდე, რაც არის ჩვენი მიზანი”,- განაცხადა თამარ კაპანაძემ.
USAID საბაზისო განათლების ოთხწლიანი პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ. მას ახორციელებს სამმხრივი მიმართულების კვლევითი ინსტიტუტი (RTI) ადგილობრივ ორგანიზაციებთან – რვა უნივერსიტეტთან და ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან პარტნიორობით.