ახალი ამბებივიდეორეპორტაჟიჩემი სოფელი

თელავში მეწარმე ქალთა პროდუქტების გამოფენა გაიმართა

„მედია ცენტრი კახეთის“ MCK მიერ შექმნილი „მეწარმე ქალთა კლუბის“ ორგანიზებით კახეთის მეწარმე ქალთა პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

გამოფენას ღია სივრცეში, ორგაბიზაციამ საკუთარ ეზოში უმასპინძლა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო კახეთის 20 ზე მეტი მეწარმეს პროდუქტი: რძისა და თაფლის პროდუქტები, ხელნაკეთი სამკაულები, ორიგინალური დიზაინით შექმნილი ნატურალური ტყავის ფეხსაცმელი, თექის ტექსტილი, ხელთნაკეთი საპნები, მინანქარი და ძვირფასი ლითონის სამკაული და სხვა.
ღონისძიებას გარდა მეწარმეებისა, არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების, თვითმმართველობების წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ორგანიზატორის, მედია ცენტრი კახეთის დირექტორის, მაია მამულაშვილის თქმით, „მეწარმე ქალთა კლუბი“ უკვე 5 წელია ადგილობრივ ქალებს დახმარებას უწევს სხვადასხვა სასწავლო, საგანმანათლებლო პროექტებით, მათ შორის, გამოფენებით.
მისი განმარტებით, 2020 წლიდან MCK ერთად ადვოკატირებას უწევს ადგილობრივ მეწარმე ქალთა პრობლემების გადაჭრას ადგილბრივ და ცენტრალურ დონეზე.
,,პროექტის ფარგლებში გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 21-მა მეწარმე ქალმა თელავის, გურჯაანის, ახმეტის და ყვარლის მუნიციპალიტეტებიდან, რომლებმაც გაიარეს ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით, როგორიც არის ბიზნეს იდეის დამუშავება, მარკეტინგული მიმართულების განვითარება, ბრენდირება და სხვა. სწორედ ამ ქალების მიერ წარმოებული პროდუქტები იყო წარმოდგენილი გამოფენაზე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი მონაწილეობა და მოხარული ვართ რომ მიუხედავად პანდემიისა შევძელით ღონისძიების ჩატარება’,-განაცხადა მაია მამულაშვილმა.

პროექტი „მეწარმე ქალთა მხარდაჭერა Covid 19 პანდემიის დროს“ ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით.
გამოფენის პარალელურად, მედია ცენტრი კახეთს MCK და ორგანიზაცია entrepreneur-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები მეწარმე ქალთა მხარდაჭერის მიზნით შემდეგ ამოცანებს განახორციელებენ: აქტუალურ საკითხებზე ინფორმაციის გაცვლა და ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზება; საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება; დარგის პეციალისტების, ტრენერებისა და ექსპერტების ჩართვის უზრუნველყოფა მხარეთა მიერ ორგანიზებულ სასწავლო პროგრამებსა და პროექტებში; მცირე და საშუალო მეწარმე ქალთა და ახალგაზრდების პრაქტიკული უნარების განვითარებაში ხელშეწყობა; სხვა ღონისძიებების განხორციელება მემორანდუმის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მიზნების მისაღწევად.