12 დღის განმავლობაში წინანდალს კლასიკური მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავები ესტუმრებიან
წინანდალში ჭავჭავაძეების მამულში კლასიკური მუსიკის ფესტივალი წელს 8-დან 19 სექტემბერს გაიმართება.
ორგანიზატორების თქმით, ფესტივალი წელს კიდევ უფრო მასშტაბური და საინტერესო პროგრამით ბრუნდება. მაყურებლის წინაშე მსოფლიოში აღიარებული 24 არტისტი წარსდგება 33 დაუვიწყარი კონცერტით.
მათივე თქმით, მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები, სოლიდარობის ნიშნად წინანდალს ეწვევიან, რათა კვლავ დაადასტურონ წინანდლის ფესტივალის, როგორც მსოფილიო დონის მუსიკალური ფორუმის საერთაშორისო რეპუტაცია. წლევანდელი ფესტივალი გაიხსნება რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტით.
საქართველოს ფილარმონიული ორკესტრი შეასრულებს რაველის ნაწარმოებს „დაფნისი და ქლოე“. დირიჟორი – ლაჰავ შანი; სოლისტი – ეფიმ ბრონფმანი. ფესტივალს დაასრულებენ ლიზა ბათიაშვილი, საქართველოს ფილარმონიული ორკესტრი, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის, მაესტრო ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით. შესრულდება: სიბელიუისის სავიოლინო კონცერტი; დვორჟაკის მე-8 სიმფონია. ასეთი დიდი მუსიკოსების თავშეყრა წინანდალში და განსაკუთრებული საფესტივალო პროგრამის შექმნა – ორი შემოქმედებითი დირექტორის, მარტინ ენგსტროემის და ავი შოშანის, დამსახურებაა.
საქართველოს ფილარმონიული ორკესტრი ფესტივალის განმავლობაში 5 საკონცერტო პროგრამას წარმოგიდგენთ ვარსკვლავური დირიჟორების: ჯანანდრეა ნოზედას, ქრისტოფ ეშენბახის, ლაჰავ შანის და პინკას ცუკერმანის ხელმძღვანელობით.
მსმენელის წინაშე სოლისტების შთამბეჭდავი შემადგენლობა წარდგება: იეფიმ ბრონფმანი, ლიზა ბათიაშვილი, მათიას გოერნე, ელენა ბაშკიროვა, თომას ჰემფსონი, მიხაილ პლეტნიოვი, ვადიმ რეპინი, ფაზილ საი, სერ ანდრაშ შიფი, ალექსანდრ რამი, სერგეი რედკინი, ამანდა ფორსაიტი, მაო ფუჯიტა, მარკ ბუჩკოვი, ბლითე ენგსტროემი, სტატის კარაპანოსი და თომას ქუასტოფის ჯაზ ბენდი.