ბლოგები

მითები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე- ბლოგი

კორონავირუსის ვაქცინაზე უამრავი მითი არსებობს, სწორედ ამაზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

მითები :
– ვაქცინა ცვლის ადამიანის გენეტიკურ კოდს.
იმნაძის განცხადებით ამის ბიოლოგიური მექანიზმი თეორიულადაც კი არ არსებობს. ეს უბრალოდ გამორიცხულია.
– ვაქცინა იწვევს უშვილობას.

“ეს არის აბსოლუტური ტყუილი. არავითარი კავშირი ფერტილობასა და ვაქცინაციას შორის არ არის. ეს დადასტურებულია უამრავი კვლევით ყველანაირ ვაქცინაზე. მათ შორის, კორონას ვაქცინაზე,”-აცხადებს იმნაძე.

– შეიძლება დაინფიცირება ვაქცინაციის შემდეგ.

პაატა იმნაძე განმარტავს, რომ ვაქცინის გაკეთების შემდეგ დავირუსების შანსი კვლავ არსებობს, თუმცა იგი გვიცავს მოუგვარებელი გართულებებისგან, ისეთი როგორიცაა სიკვდილი.

– ვაქცინაში შემადგენელი ნივთიერებები საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

იმნაძის განმარტებით, ვაქცინაში შემავალი ნივთიერებების ნაწილი, შესაძლოა, მართლაც იყოს ალერგიული რეაქციის გამომწვევი, მაგრამ ის ასევე აზუსტებს, რომ იგივე ნივთიერებები, შესაძლოა, გამოყენებული იყოს კვების მრეწველობაშიც.

– ვაქცინა იწვევს კორონავირუსით დაინფიცირებას.

“კორონას შემთხვევაში არის ორი ტიპის ვაქცინა. ეს არის დახოცილი ვაქცინები, როგორებიცაა იგივე ჩინური Sinopharm ან Sinovac და კიდევ სხვა. არსებობს ვაქცინები, რომლებიც ახლა უფრო გამოიყენება. ეს არის AstraZeneca-ს, Pfizer-ის ტიპის ვაქცინები, რომლებიც არაფერ ვირუსის შემადგენელს არ შეიცავენ. აქედან გამომდინარე, უბრალოდ გამორიცხულია, რომ ამ ვაქცინებმა გამოიწვიონ კორონავირუსი. ” აცხადებს პაატა იმნაძე.

– ვაქცინაციის შემდეგ პირბადის ტარება საჭირო აღარ იქნება.

პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სანამ მოსახლეობის უმრავლესობა არ აიცრება, პირბადის ტარება კვლავ საჭირო იქნება.

– ვაქცინაციამდე სავალდებულოა გამოკვლევების ჩატარება.

“ძალიან დიდი ბოდიში ჩემს იმ კოლეგებთან, ვინც ამას არეკლამებენ, მაგრამ ეს არის იმისთვის, რომ ადამიანებს ფული დაახარჯინონ ანალიზების კეთებაში. კატეგორიულად ვამბობ, არც ერთი რეკომენდაციით, არცერთი ანალიზის ჩატარება ვაქცინის წინ საჭირო არ არის. იმიტომ, რომ ამის საფუძველზე გადაწყვეტილებას ექიმი ვერ მიიღებს. არ არსებობს ბუნებაში ალგორითმი, რომ ამ დროს საჭიროა და ამ დროს არ შეიძლება. ეს არის ტყუილი”, — ამბობს იმნაძე.