როგორ მუშაობს პანკისის სათემო ორგანიზაცია
ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის სათემო ორგანიზაციამ, ხეობის მოსახლეობის საჭიროებების ფართომასშტაბიანი კვლევა ჩაატარა. კვლევა 16 სოფელში ჩატარდა და ინტერვიუერებმა 300 ადამიანი გამოკითხეს.
სათემო ორგანიზაცის ხელმძღვანელი ლუიზა მუთოშვილი აცხადებს, რომ საველე სამუშაოები უკვე დასრულებულია, ხოლო მისი პრეზენტაცია და შედეგები მაისის თვეში გახდება ცნობილი. მისი თქმით, კვლევის მიზანს პანკისის ხეობაში არსებული საჭიროებების გამოვლენის გარდა, პრობლემების ადგილობრივ დონეზე ადვოკატირება წარმოადგენს.
,,ვაკეთებთ ფართომასშტაბიან კვლევას პანკისის ხეობის 16 სოფელში. ჩვენი მიზანი სათემო საჭიროებების გამოკვეთაა. საბოლოოდ კი ჩვენი ორგანიზაციის სამოქმედო გეგმაც გვინდა მოვარგოთ ამ გამოკვეთილ საჭიროებებს, ვაწარმოოთ ადვოკატირების კამპანიები. ბოლო წლებში მქონდა განცდა, რომ ისეთ საკითხებზე ვაკეთებდით აქცენტს, რომელიც შეიძლებოდა არ ასახავდა ხეობის მოსახლეობის რეალურ პრობლემებს. ამიტომ ეს კვლევა და გამოკვეთილი საკითხები ჩვენ დაგვეხმარება იმაში, რომ ორგანიზაციის მუშაობა და სამოქმედო გეგმა იყოს რეალურად მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული. საველე სამუშაოები უკვე დასრულდა.
ყველა სოფელში შევედით, მათ შორის სოფელ კაკლიანში, რომელიც ცენტრს მოწყვეტილია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა სოფლის საჭიროებები იყოს ასახული. მოხდა სხვადასხვა კატეგორიის ადამიანების გამოკითხვა , არ გვაქვს ასაკობრივი ზღვარი. და ოჯახის იმ წევრის გამოკითხვა გამოვკითხეთ ისინი ვისაც ბოლოს ჰქონდა დაბადების დღე და ეს მოგვცემს იმას, რომ კვლევის საბოლოო ანგარიშში ყველა ასაკის ადამიანის საჭიროებები იქნება ასახული’’,- განუცხადა knews.ge-ს ლუიზა მუთოშვილმა.
მისი თქმით, კვლევა ,,People in Need Georgia”-ს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ლუიზა მუთოშვილი ასევე განმარტავს, რომ პანკისის სათემო ორგანიზაცია დაარსდა 2020 წლის მაისში, თუმცა მათ უკვე მოახდინეს რამდენიმე საკითხის ინიცირება ახმეტის მერიაში.
,,ჩვენ, ვინც აქტიურად ვიყავით ჩართული ამ სამოქალაქო სექტორში, გავერთიანდით და შევქმენით ორგანიზაცია. პანკისის ხეობას არ წარმოადგენენ მხოლოდ ქისტები, აქ ასევე ცხოვრობენ ეკომიგრანტები, არის ქართული მოსახლეობაც. რატომღაც ფორმალური თუ არაფორმალური დისკუსიის და თუნდაც ეკონომიკური სარგებლის მიღმა იყო დარჩენილი ხშირ შემთხვევაში არაქისტური საზოგადოება.
ჩვენ ორგანიზაციაში ვართ ხეობის ქართული და ქისტური საზოგადოება, პირველი ინიციატივა რომელიც ერთობლივად დავამუშავეთ, ეხებოდა იაფ მუნიციპალურ ტრანსპორტს. მერიაში შევიტანეთ პეტიცია 400- მდე ადამიანის ხელმოწერით და ველოდებით რეაგირებას. ასევე ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ტურიზმია და ასევე ინტეგრაციის საკითხები.’’
საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემის მოგვარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რაც პანკისის სოფლების მოსახლეობას აწუხებს. სათემო ორგანიზაციის წევრი რამზან გორგიშვილი განმარტავს, რომ ხეობაში მცხოვრებლებს გადაადგილების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა წლებია აქვთ.
,,საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა პანკისის ხეობაში ყოველთვის არსებობდა. ძირითადად მოძრაობს სამარშრუტო ტაქსი და ესეც ყოველთვის არა. მათ მკაცრად დადგენილი განრიგი არ აქვთ.
გარდა ამისა, სოფლებს შორის გადაადგილება ასევე პრობლემაა. განსაკუთრებით რთულია ეს დუისიდან დაშორებული სოფლებისთვის, რადგან ცენტრია და ძირითადად ყველა დაწესებულება იქ არის. აქედან გამომდინარე მოშორებით მყოფი სოფლების მოსახლეობისთვის ძალიან რთულია ყველა მომსახურების მიღება’’,- განუცხადა Knews.ge-ს რამზან გორგიშვილმა.
მისი განმარტებით, ასევე გადაადგილების პრობლემა ექმნებათ დასაქმებულ ადგილობრივებსაც, რომლებსაც სამსახურში წასვლა ყოველდღიურად უწევთ.