ახალი ამბები

შესაძლოა ტაქსებში მოწევა აიკრძალოს

შესაძლოა პარლამენტმა “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში ცვლილება შეიტანოს, რომლითაც ტაქსიში მოწევა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გახდება და დამრღვევთა დაჯარიმებას გამოიწვევს.

ამ ინიციატივაზე, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოში მოქმედ კანონში, აღსრულების თაობაზე პარლამენტში არის საუბარი და მას ჯერ-ჯერობით რეკომენდაციის ფორმა აქვს. უცნობია თუ როდის გეგმავს მმართველი გუნდი მისი კანონპროექტის სახით ინიცირებას.

პარლამენტის დადგენილებაში ასევე საუბარია იმაზე, რომ ტაქსებში მოწევის აკრძალვასთან ერთად უნდა აიკრძალოს მცირეწლოვანთან თანდასწრებით ავტომობილებში თამბაქოს მოხმარებაც.

“გამოიკვეთა, რომ ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში, თამბაქოს არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოხმარების აკრძალვის დაწესებაზე მსჯელობის დაწყება დროულია და მისი დაწესება გააძლიერებს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს,”- ნათქვამია დოკუმენტში.