ახალი ამბები

სოფელ ვაზისუბანში ავარიის შედეგად გარდაცვლილი 15 წლის გოგონას საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო

თელავის რაიონულ სასამართლოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 15 წლის გოგონას საქმეზე, სასამართლო პროცესი დაიწყო.

გოგონას გარდაცვალების გამო, ბრალი თელავის პოლიციის სამმართველოს ყოფილი გამომძიებელს, რობერტ მანუჩარაშვილს აქვს წარდგენილი. სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მანუჩარაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში, ცენტრალურ გზაზე მოპედით მოძრავ ორ დას შეეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შეჯახების შედეგად, ერთ- ერთი და ადგილზე გარდაიცვალა. ყოფილი პოლიციელის ადვოკატის მტკიცებით, მანუჩარაშვილი პასუხისმგებლობას არ გაქცევია და ის სამართალდამცავებს ნებაყოფლობით ჩაბარდა.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ვაზისუბანში, 2020 წლის ნოემბერში მოხდა. გარდაცვლილი გოგონას მამა სოფელ ჩუმლაყის და ვაზისუბნის ტაძრების წინამძღვარია. სასულიერო პირი ბრალდებულის დასჯას არ ითხოვს და არც სასამართლო პროცესებს ესწრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 128- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაცდელში მყოფის მიტოვებას გულისხმობს.