სოფელ ჩუმლაყში მომხდარ ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე და 19, 109- ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციითვე, მიმდინარეობს ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიებები ქმედების ჩამდენი პირების გამოსავლენად და დასაკავებლად. შეგახსენებთ, მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, გამთენიისას მოხდა. გარდაცვლილია ერთი და დაჭრილია სამი პირი, რომლებსაც გურჯაანის ჯეოჰოსპიტალში ოპერაცია უტარდებათ.
დაჭრილებს შორის არის, გურჯაანში ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი, მალხაზ ბადუაშვილი. ბადუაშვილი წარსულში განზრახ მკვლელობისთვის არის ნასამართლევი.
მის სახელს სხვადასხვა საეჭვო გარემოებები, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ფაქტიც უკავშირდება. ბადუაშვილის სახელს უკავშირდება ასევე, 2020 წლის თებერვალში მომხადრი გურჯაანის საავადმყოფოს დაცხრილვის ფაქტი. დაუდგენელი პირი, იმ პალატის მიმართულებით ისროდა, რომელშიც ბადუაშვილს მკურნალობდნენ.