ამ დროისთვის უცნობია, თუ როგორი გადახდის სისტემა იქნება თელავის მუნიციპალურ ტრანსპორტში
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის დავით ქსოვრელიშვილის განმარტებით, ამ დროისთვის უცნობია, თუ გადახდის როგორ სისტემას შესთავაზებენ ადგილობრივებს მუნიციპალიტეტში.
მისივე თქმით, დაწყებულია მსჯელობა გადახდის სისტემის შემოღებაზე და განიხილება რამდენიმე ვარიანტი.
,,გვაქვს 5 ავტობუსი და 4 სავარაუდო მარშრუტი. აპრილის თვეში როცა ჩვენ მოგვემატება მეხუთე მარშრუტი, ზუსტად გვეცოდინება ძირითადი მიმართულებები. გარდა ამისა, მიმდინარეობს მუშაობა გადახდის სისტემის შემუშავებაზე და ვარჩევთ რომელია ჩვენთვის პრიორიტეტული. გვაქვს ბანკების და კერძო ორგანიზაციების შემოთავაზება და ამ საკითხზე საკრებულო მუშაობს მერიასთან ერთად.
ვეცდებით მგზავრობის ფასი იყოს მისაღები და ის ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის. ამ დროისთვის შერჩეულია და გადამზადებულია 23 მძღოლი”,– განაცხადა დავით ქსოვრელიშვილმა.

