ახალი ამბები

თელავის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა

თელავის ერთ- ერთ საბავშვო ბაღში კორონა ვირუსი დაწესებულების თანამშრომელსა და მის მცირეწლოვან შვილს დაუდასტურდა.

კოვიდ-19 ის შემთხვევების დაფიქსირების გამო, ბაღში გახანგრძლივებული სწავლების ორი ჯგუფი სრულად დაიკეტა. თელავის ბაგა- ბაღების გაერთიანების დირექტორის ია ლუარსაბიშვილის განმარტებით, ჯგუფები 13 დღის განმავლობაში, თვითიზოლაციაში იქნებიან.

“ორივე ჯგუფში ირიცხება დაახლოებით 60 აღსაზრდელი, თუმცა რეალურად დადიოდა 20 ბავშვი. ყველა თვითიზოლაციაშია და დარჩებიან სახლში, თვითდაკვირვების რეჟიმში. ასევე ჯგუფის ძიძაც. რაც შეეხება, ინფიცირებული დედა- შვილის ჯანმრთელობას, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ორივე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. დეზინფექცია ბაღში უკვე ჩავატარეთ და კიდევ ვაპირებთ”- განაცხადა ლუარსაბიშვილმა.

დღევანდელი ზოგადი მდგომარეობით, თელავის კიდევ ორ საბავშვო ბაღში, 88 აღსაზრდელი და 9 აღმზრდელი თვითიზოლაციაში იმყოფება. სააღმზრდელო პროცესი ბაღებში 1 მარტიდან განახლდა. ბაღის თანამშრომლებს კორონა ვირუსზე სავალდებულო ტესტირება ორ კვირაში ერთხელ უტარდებათ.