ატარე გაზაფხულები- თელავში მცხოვრები ახალგაზრდის ხელნაკეთი სამკაულების ბიზნესი
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში მცხოვრები 27 წლის სალომე გრემელაშვილი მეოთხე წელია ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს.
პროფესიით უცხო ენების სპეციალისტ ახალგაზრდას ორი შვილი ჰყავს, თუმცა მათ გაზრდას და საყვარელ საქმიანობას ერთმანეთს კარგად უთავსებს. მისი თქმით, პოლიმერულ თიხაზე მუშაობა რთულია, თუმცა მისთვის ეს სასიამოვნო პროცესია.
,,მეოთხე წელია რაც პოლიმერულ თიხაზე ვმუშაობ და ამით ვარ გატაცებული. ამ ეტაპზე, ჩემი პროფესიით არ ვმუშაობ. ბავშვობიდან მიყვარს ხელსაქმე, ქსოვა, ქარგვა და სხვა. პოლიმერულ თიხაზე მუშაობის პროცესს ვუყურებდი ინტერნეტში, ვიდეოებიდან ვსწავლობდი და შემდეგ ეს ჩემს საქმიანობაში გადმოვიტანე. თავდაპირველად არ ვიცოდი რა სჭირდებოდა კარგი და ხარისხიანი ნივთის დამზადებას. ვიყიდე თიხა და დავამზადე ყვავილები თმის სამაგრისთვის.
თავიდან გასართობად შევიძინე და რამდენიმეს დამზადების შემდეგ, მეგობრებმა მირჩიეს, რომ თუ ხალხს მოეწონებოდა გამეკეთებინა სხვებიც და გამეყიდა. ჩემმა პირველმა ნამუშევრებმა მოწონება დაიმსახურა. შემდეგ უკვე მეც მომეცა სტიმული, რომ თმის სამაგრების გარდა დამემზადებინა სხვა ნამუშევრებიც”,-განუცხადა Knews.ge-ს სალომე გრემელაშვილმა.
ის თმის სამაგრებს, ბროშებს, სხვა აქსესუარებს ამზადებს და ინტერნეტის საშუალებით ყიდის. მისივე თქმით, ნამუშევრებს გარდა საქართველოსი, საზღვარგარეთაც ყიდის.
,,მაქვს ინტერნეტ გვერდი ,,ატარე გაზაფხულები” და ნამუშევრებს ვაგზავნით ყველგან, საქართველოს მასშტაბით. ბოლო 2 წელია რაც საზღვარგარეთიდანაც მაქვს შეკვეთები. ბევრი მომხმარებელი მყავს გერმანიიდან, საბერძნეთიდან და იტალიიდან. ახლა ვამზადებ ფინჯნებს, თმის სამაგრებს, საყურეებს. ნებისმიერ ჭურჭელზე ვამაგრებ პოლიმერულ თიხას. ძირითადი მოთხოვნა არის ვარდებიან ფინჯნებზე. შეკვეთებს ვიღებ ჩემს ფეისბუქ გვერდზე. თუ ადგილობრივია შემკვეთი, თელავში ძირითადად მე ვაწვდი ან თავად მიაქვს, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში ვაგზავნი ფოსტით”,- განაცხადა სალომე გრემელაშვილმა.
იგი ამბობს, რომ ყველა ნივთის დამზადებას განსხვავებული დრო სჭირდება და მისთვის მთავარი ხარისხია. ასევე კმაყოფილი მომხმარებელი.
,,პოლიმეტული თიხით ნივთის დამზადებას საკმაოდ დიდი დრო, საშუალოდ 2 საათამდე პერიოდი სჭირდება. ნივთების დიზაინი არის ჩემი ან დამკვეთის. დამზადების შემდეგ თიხას ესაჭიროება გამოწვა, შემდეგ უნდა გაცივდეს. გაშრობას და დაწებებას კი ცალკე დრო სჭირდება.
პანდემიამ დიდი გავლენა არ მოახდინა ჩვენს საქმიანობაზე. ერთადერთი რაც გამოიწვია, ეს არის სამუშაო მასალაზე ფასების მომატება, რამაც დამზადებული ნივთების შედარებით გაძვირება გამოიწვია. პანდემიის პერიოდში შეკვეთები არ შემცირებულა გარდა იმ დროისა, როდესაც ტრანსპორტი იყო აკრძალული”,- განაცხადა ახალგაზრდამ.
სალომე უახლოეს მომავალში სახელოსნოს და მაღაზიის გახსნას გეგმავს, სადაც მისი ხელნაკეთი ნივთები გაიყიდება.
მაკა ხაზიური, ზურა არჩემაშვილი