ახალი ამბებიგზა ევროპისკენ

როგორია საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობა და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 შეხვედრაზე ასოცირების საბჭომ ცნობად მიიღო საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების 2021 წელს გამოქვეყნებული ანგარიში. საბჭომ ასევე შეაფასა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში არსებული მდგომარეობა ასოცირების საბჭოს 2019 წლის მარტში ჩატარებული ბოლო შეხვედრის შემდეგ.

ინფორმაციას შეხვედრის შესახებ ავრცელებს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. ასოცირების საბჭოს სხდომას, რომელიც ბრიუსელში გაიმართა, თავმჯდომარეობდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა, რომ ერთობლივად გააგრძელებენ ასოცირების შეთანხმებისა და მისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს უფრო ღრმა პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას.

ორივე მხარემ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფებები, მისი ევროპული არჩევანი და საერთო მიზანია, რომ გააგრძელოს დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული ქვეყნის შენება.

ერთობლივ შეხვედრაზე ასოცირების საბჭო მიესალმა 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგზე მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომლის მიზანია ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, განხორციელებისთვის პრიორიტეტების დასახვა. საქართველომ წარმოადგინა თავისი გეგმები 2024 წლისთვის ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომ წინსვლასთან დაკავშირებით.

,,შეხვედრაზე ასოცირების საბჭო ასევე მიესალმა საქართველოს პროგრესს ევროპულ გზაზე, მათ შორის COVID-19-ის გამოწვევების ფონზე და აღიარა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა როგორც ვირუსის შეკავების, ისევე მიზნობრივი სოციალური დახმარების უზრუნველყოფის კუთხით. ორივე მხარემ აღიარა COVID-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ევროკავშირის სწრაფი დახმარების გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველოსთვის, როგორც სოლიდარობის თვალსაჩინო ნიშანი.

ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა უწყვეტი ვალდებულება, ხელშესახები სარგებელი მოუტანონ საქართველოს მოქალაქეებს თანამშრომლობის ძირითად სფეროებში: ეკონომიკური განვითარება და საბაზრო შესაძლებლობები; ინსტიტუტების გაძლიერება და კარგი მმართველობა; დაკავშირებულობა, ენერგოეფექტურობა, გარემო და კლიმატური ცვლილებები; მობილობისა და ხალხთა შორის კონტაქტების გაძლიერება.

ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრისა და 21 ნოემბრის არჩევნები კონკურენტული იყო და რომ, მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. საბჭოს წევრების თქმით, საარჩევნო გარემოს განსამტკიცებლად და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისათვის ხელსაყრელი გარემოს გასაუმჯობესებლად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით  გაცემული ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება, ამბიციური და ინკლუზიური საარჩევნო რეფორმის გზით.

ასოცირების საბჭომ შეხვედრაზე ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და სინანული გამოთქვა პოლიტიკური პოლარიზების გაღრმავების გამო. ევროკავშირმა მოუწოდა მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის სწრაფი გადაწყვეტისკენ და ყველა მხარეს ძალისხმევის გაძლიერებისკენ, რათა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და გაერთიანება საერთო მიზნების იდენტიფიკაციისა და შეთანხმების ირგვლივ.

ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს კანონის უზენაესობისა და პენიტენციალურ სფეროებში რეფორმების განხორციელების კუთხით. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა მზაობას, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმირებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების საკითხებში”,- ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

შეხვედრაზე  ასევე საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან სამუშაოს.

ევროკავშირმა ასევე აღიარა საქართველოს ძალისხმევა ამ მიმართულებით და მოუწოდა, გააგრძელოს ძალისხმევა ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტურად განხორციელების მიზნით და უზრუნველყოს ყველა უმცირესობის წარმომადგენელთა დაცვა და გენდერული თანასწორობა. ამასთან, საუბარი შეეხო ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას.

,,ორივე მხარე მიესალმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს. ევროკავშირი რჩება საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად. ევროკავშირი და საქართველო შეთანხმდნენ ევროკავშირში საექსპორტო პოტენციალის მქონე სხვა პროდუქტების იდენტიფიცირებაზე, რაშიც ევროკავშირს შეუძლია დახმარების გაწევა. ასოცირების საბჭო მიესალმა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების 2021-2025 წლების ახალი სტრატეგიის შემუშავების მიზნით მიმდინარე მუშაობას და ევროკავშირის მხარემ დაადასტურა მზაობა, რომ მხარი დაუჭიროს მის განხორციელებას.

ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სტრატეგიული როლი ენერგეტიკის, ტრანსპორტის და დაკავშირებულობის სფეროში და რეგიონში მისი, როგორც ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკური ჰაბის, მზარდი ფუნქცია. ევროკავშირმა გამოთქვა მზაობა, გააგრძელოს ინტენსიური თანამშრომლობა საქართველოსთან დაკავშირებულობის დღის წესრიგის ფარგლებში, მათ შორის ძირითადი ინდიკატიური ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) ეტაპობრივი განხორციელების გზით, რაც  ევროპასა და აზიას შორის საერთაშორისო ვაჭრობის გაღრმავებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს შავ ზღვაზე დაკავშირებულობის განვითარების მნიშვნელობას. ევროკავშირმა ცნობად მიიღო საქართველოს თხოვნა შავ ზღვაზე დაკავშირებულობის გაუმჯობესების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში დახმარების თაობაზე.

ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი რეგიონში, და ხაზი გაუსვა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში. ევროკავშირმა მადლიერება გამოხატა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალის რესპუბლიკაში ევროკავშირის კრიზისული მართვის ოპერაციებსა და მისიებში საქართველოს მიერ გაწეული წვლილისთვის  და გამოთქვა მზაობა, დაეხმაროს საქართველოს შესაძლებლობებისა და მედეგობის გაძლიერებაში.

ევროკავშირმა კვლავ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასევე გამოთქვა მტკიცე მზაობა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, მათ შორის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის ჩათვლით. სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობა ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერის ნათელი გამოხატულებაა.”

ევროკავშირმა უაღრესად დადებითად შეაფასა საქართველოს აქტიური მონაწილეობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მრავალმხრივ ფორმატში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე უწყვეტი რეფორმები უაღრესად მნიშვნელოვანია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წარმატებისა და წელს მოგვიანებით დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შეხვედრაზე გარდა პარტნიორობისა, საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ევროპულ ინტეგრაციას, მიღწეულ პროგრესს, საპარლამენტო არჩევნებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

,,შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ ევროკავშირის ძალისხმევა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართვისა და დეესკალაციისკენ არის მიმართული. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშში საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები შეფასებულია როგორც კონკურენტული და ნათქვამია, რომ ზოგადად, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები.

ვისაუბრეთ ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის ურყევი ნებაა და 2024 წელს იგეგმება ოფიციალური განაცხადის გაკეთება ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე.
ყურადღება დავუთმეთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალ სამიტს. განვიხილეთ აღნიშნული ფორმატის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების გზები და პერსპექტივები, რომლებიც ორიენტირებული უნდა იყოს პრაქტიკული შედეგების მიღწევასა და ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განმტკიცებაზე.

შეხვედრისას, განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე მდგომარეობა, როგორც ჰუმანიტარული, ისე – უსაფრთხოების თვალსაზრისით. დეოკუპაცია და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად რჩება და ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას განსაკუთრებული როლი ენიჭება.

დევიდ სასოლიმ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარებისადმი”,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.