ტიხრული მინანქრის ოსტატი თელავიდან
თელავში მცხოვრები, პროფესიით უცხო ენების სპეციალისტი, ნინო მრელაშვილი ხელოვნებით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული. მას ყოველთვის სურდა, რომ შეექმნა საავტორო ნამუშევრები, რომელებიც საზოგადოებაში მოწონებას დაიმსახურებდნენ.
ნინო მუშაობს პროფესიული კოლეჯის ,,აისი“ ალვანის ფილიალში და ასწავლის ტიხრულ მინანქარზე მუშაობას. კოლეჯში, დღეის მდგომარეობით, საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს როგორც ტიხრული მინანქრის შესწავლის პროცესი, ასევე თექაზე, კერამიკაზე მუშაობა და სხვა მიმართულებების შესაწავლა.
,,ბავშვობიდან ვიყავი სიახლეების ძიებაში. 2010 წელს პირველად შევქმენი საავტორო ნამუშევარი გადაშლილი წიგნი – ხატი და დავიწყე მისი წარმოება. ვინაიდაინ ამ პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა საზოგადოებაში, მომეცა მეტი სტიმული გეზი ამეღო ხელოვნების მიმართულებით. გადავწყვიტე შემესწავლა ის უძველესი საგანძური, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს და დღევანდლამდე მოგვიტანეს, ეს გახლავთ ტიხრული მინანქარი“.
ნინომ ტიხრული მინანქრის ტექნოლოგია თელავში შეისწავლა. ამბობს, რომ ეს საქმე საკმაოდ შრომატევადია და დიდ ნებისყოფას მოითხოვს.
,,2018 წელს გალერეა ,,ორნამენტის“ მხარდაჭერით და თანადგომით, თელაველმა ხელოვანმა, ჩემთვის უნიჭიერესმა ქალბატონმა მარიამ ბაბუაძემ ტიხრული მინანქარი შემასწავლა. მისი მხარდაჭერით შევძელი ამ ურთულესი ტექნოლოგიის ათვისება. ჩემს ნამუშევრებში უსაზღვროდ დიდ სიყვარულს და ემოციას ვდებ, რომელიც დარწმუნებული ვარ, შემდგომში გადავა მფლობელზე და მისი ცხოვრება დადებითად შეიცვლება. მინდა ავღნიშნო, რომ ორ ერთი და იმავე ნამეშევარს ვერ შევქმნი, ყველა მათგანი ექსკლუზიურია”.
რაც შეეხება გაყიდვებს, ნინო ამ ეტაპაზე არც ერთ ნამუშევარს არ ყიდის, რადგან როგორც თავად ამბობს, პეროსნალური გამოფენისთვის ემზადება.
,,ზაფხულში ვაპირებ ახალი წიგნების დამზადებასაც. ასევე მინდა ვიმუშავო თექაზეც და შევქმნა ახალი ნამუშევრები, თუმცა ამ დრომდე გამოფენის თარიღი გადაწყვეტილი არ მაქვს. თექაზე მუშაობა კი, 2015 წელს დავიწყე. ინტერნეტით მოვიძიე ინფორმაცია და ასე შევქმენი პირველი ნამუშევრები. შემდეგ კი, ჩემი მეგობრების დახმარებით ფერწერეული ტილოები შევქმენი, დღემდე ვმუშაობ ამ მიმართულებითაც. სამომავლოდ, დიდი სურვილი მაქვს, რომ საზღვარგარეთ გავიტანო ჩემი ხელნაკეთი ნივთები და მქონდეს გამოფენა- გაყიდვა“.