ჯანმო კახეთში მოქმედი ონლაინ კლინიკის შესახებ სტატიას აქვეყნებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კახეთში მოქმედი ონლაინ კლინიკის ეფექტური მუშაობის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში საუბარია კახეთის ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრის ბაზაზე მოქმედ ონლაინ კლინიკაში დანერგილ საპილოტე პროექტსა და მის ავტორზე.
ონლაინ კლინიკა ამერიკაში მომუშავე ქართველმა ნევროლოგმა დავით მრელაშვილმა 2020 წლის ბოლოს გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსში“ ადგილობრივ სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობით დანერგა. მას შემდეგ, ონლაინ კლინიკა კოვიდ პაციენტებს ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურება.
„ეს არის 2020-2025 წლების ევროპული პროგრამის ერთ-ერთი ინიციატივის ამოქმედების მაგალითი, რომელიც ციფრული ჯანდაცვის გაძლიერებას ემსახურება. ის გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ციფრულ ჯანდაცვას დააჩქაროს და გააუმჯობესოს სერვისებზე ხელმისაწვდომობის ხარისხი და უფრო მეტად გახადოს ადამიანების საჭიროებებზე მორგებული“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
როგორც სტატიაში დავით მრელაშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით არის აღნიშნული, 2020 წლის დეკემბრის ბოლოსთვის ონლაინ კლინიკა 5000-ზე მეტ პაციენტს დისტანციურად მოემსახურა.
„ამ სისტემის გამოყენებით ექიმებს შეუძლიათ, სასწრაფო დახმარების სხვადასხვა ოთახში მოხვდნენ და გადაწყვეტილებები 30 წამში მიიღონ. შესაბამისად, რატომ უნდა წავიდეთ ექიმთან პერსონალურ შეხვედრაზე? იმედი მაქვს, ეს ინიციატივა მომავალშიც გაგრძელდება და ჯანდაცვასა და სამედიცინო განათლებას საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოში გააუმჯობესებს“, – განუცხადა დავით მრელაშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.
კახეთის „ჯეო ჰოსპიტალსის“ ონლაინ კლინიკის ხელმძღვანელი დეა ცაბუტაშვილის აღნიშნულ ფაქტს მნიშვნელოვანს უწოდებს და აცხადებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასება სამედიცინო ცენტრისთვის და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ონლაინ კლინიკა ჩვენთვის და ზოგადად, მგონი მსოფლიოსთვის სიახლე იყო. მისი საჭიროება ინფექციამ დაგვანახა, რადგან დაინფიცირებული პაციენტების 80% უკვე ბინაზე იმართებოდა და მათთან ყოველდღიურ რეჟიმში კომუნიკაცია გართულდა. ონლაინ კლინიკის მეშვეობით კი აღნიშნული პრობლემა მოგვარდა და აუდიო და ვიდეო კონსულტაციებმა პირისპირ კომუნიკაცია წარმატებით ჩაანაცვლა. შესაბამისად, ის რომ ჯანდაცვიდს მსოფლიო ორგანიზაციამ ეს ამბავი მოგვიწონა, მნიშვნელოვანია ჩვენთვის, – განაცხადა მან.
მისი თქმით, ონლაინ კლინიკა ფუნქციონირებას მომავალშიც გააგრძელებს და ის სრული დატვირთვით მოემსახურება პაციენტებს.