დედოფლისწყაროში 15 წლის ახალგაზრდამ მიტანის სერვისი ,,ფლეში” შექმნა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სკოლის მოსწავლემ, 15 წლის ნიკა ნიკვაშვილმა მიტანის სერვისი ,,ფლეში” შექმნა.
პირველ ეტაპზე მან მუნიციპალიტეტში კათარზისიდან იმ მოხუცებისთვის საჭმლის უფასოდ მიტანა დაიწყო ვისაც თავად მისვლა არ შეეძლო.
ნიკას თქმით, ENPARD-ის პროგრამის საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოპედი გადასცეს, რისი საშუალებითაც აღნიშნული სერვისი შექმნა და მუშაობა დაიწყო.
,,ვსწავლობ დედოფლისწყაროს ნომერ მეორე საჯარო სკოლის მეათე კლასში. ეს იდეა გაჩნდა მას შემდეგ რაც გამოცხადდა კონკურსი ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში. კონკურსში დედამ მიიღო მონაწილეობა და ჩემი დის თანადგომით გავიმარჯვეთ.
პროექტის ფარგლებში გადმოგვცეს მოპედი თავისი აღჭურილობით. ჩვენი ბიზნესიდეა იყო შეგვექმნა დედოფლისწყაროში მიტანის სერვისი. თავიდან ხელისშემშლელი ფაქტორი ძირითადად სიახლის ხალხისთვის გაცნობა და ჩვენი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება იყო. ეს საქმიანობა მოთხოვნადი პანდემიის და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემდეგ გახდა. შარშან, მარტის თვეში სრულიად ჩაკეტილი რომ იყო ყველაფერი, მხოლოდ ჩემი მოპედით მვოძრაობდი და უფრო შესამჩნევი ვიყავი უბნებში. მალევე ცნობადიც გავხდი. სახელი “Flash-ფლეში”, რომელიც ჩვენს სერვისს ჰქვია, არის ჩემი დის იდეა და უკავშირდება სისწრაფეს.
Flash არის სერიალი სადაც პერსონაჟი დროში და სივრცეში სწრაფად გადაადგილდება და რადგანაც მიტანის სერვისის მთავარი არსი არის ის, რომ მალე უნდა მიაწოდო შეკვეთა კლიენტს. ვფიქრობ, რომ შეძლებისდაგვარად ვამართლებ სახელს”,- განაცხადა ნიკა ნიკვაშვილმა.
ახალგაზრდის თქმით, ის ამ ეტაპზე მარტო მუშაობს. გარდა მოხუცების უფასოდ დახმარებისა, ეს საქმიანობა მისთვის ერთ-ერთი შემოსავლის წყაროცაა. ნიკა ამბობს, რომ ამ ეტაპზე ქალაქ დედოფლისწყაროს და მუნიციპალიტეტის 2 სოფელს სამრეკლოს და გამარჯვებას მოიცავს. მომსახურების ფასი კი 3 ლარია.
,,ჩვენი მუშაობის არეალი მოიცავს დედოფლისწყაროს და მის 2 სოფელს სამრეკლოს და გამარჯვებას. მიტანის საფასური 3 ლარია. უფრო ხშირად ესაჭიროებათ საკვების და მედიკამენტების ადგილამდე მიტანა. რაც შეეხება უფასო მომსახურებას, ჩემი ინიციატივით გამოვეხმაურე კათარზისს. მე-3 კვირაა რაც დამაქვს საკვები იმ მოხუცებთან, რომლებსაც არ შეუძლიათ გადაადგილება. ყველაფერს ჩემი ხარჯებით ვაკეთებ. არის დღეები, როდესაც მხოლოდ საწვავისთვის მყოფნის ნაშოვნი თანხა, მაგრამ ჯერ-ჯერობით მაინც ვაგრძელებ ამ საქმიანობას”,- განაცხადა knews.ge-სთან საუბრისას ნიკა ნიკვაშვილმა.
ახალგაზრდა სამომავლოდ საქმიანობის გაფართოებას გეგმავს. ის სხვა ახალგაზრდებსაც მოუწოდებს დაკავდნენ საყვარელი საქმით და დაეხმარონ სოციალურად დაუცველებს და ასევე შემოსავლის წყაროდ აქციონ იგი.
,,ძალიან მოტივირებული ვარ ბევრი, ახალი იდეებით და სურვილებით. ვიმედოვნებ ამ ყველაფრის განხორციელებასაც ჩემი ძალებით მოვახერხებ და მეტ ადამიანს გავაბედნიერებ. ადამიანებს ვეტყოდი, რომ აკეთონ კეთილი საქმე, რაც ბედნიერებას მოუტანთ და ამასთანავე დაეხმარონ იმ ადამიანებს, ვისაც ეს სჭირდებათ.”
იმ ადამიანებს კი, ვისაც სურთ ისარგებლონ მისი მიტანის სერვისით დედოფლისწყაროში, შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 598 634 634.