თელაველმა ახალგაზრდებმა ტურისტების მოსაზიდად ბიზნესი ,,მაიტა სკუტერი“ დაიწყეს
ორმა თელაველმა ახალგაზრდამ შემოსავლების გასაზრდელად, ტურისტული მიმართულებით სტარტაპი დაიწყო.
დავით იორდანიშვილმა და გიორგი კახაშვილმა ბიზნეს კომპანია ,,მაიტა სკუტერი“ შექმნეს, საკუთარი ფინანსებით სკუტერები შეიძინეს და გადაადგილების ამ ფორმით მსურველი ქართველი და უცხოელი ტურისტებისთვის, კახეთის ტურისტული ადგილების მონახულებისთვის სკუტერების გაქირავება დაიწყეს.
ბიზნეს იდეის ერთ-ერთი ავტორი გიორგი კახაშვილი ამბობს, რომ ბავშვობიდან უყვარდა მოგზაურობა, სწორედ ამიტომ გაჩნდა მოგზაურობისთვის საჭირო ტრანსპორტის ყიდვის იდეა, რომელიც შემდეგ დაამუშავა და მეგობართან ერთად ბიზნეს იდეად აქცია.
,,გვიყვარს მოგზაურობა, კახეთი და ამიტომ შევქმენით ეს კომპანია, რომელსაც ვცდილობთ რომ განვავითაროთ. ვფიქრობთ, ეს არის ერთ–ერთი კარგი საშუალება იმისთვის, რომ გადაადგილდე, გაიცნო კახეთი, ურთიერთობაში შეხვიდე ადგილობრივებთან’’,- განაცხადა გიორგი კახაშვილმა.
კომპანიაში ყოველდღე მუშაობას დილის ცხრა საათიდან იწყებენ. ბიზნეს იდეის ავტორები ამბობენ, რომ 1 სულ ერთი კვირაა რაც დაიწყეს მუშაობა და ქართველი და უცხოელი ტურისტები უკვე ყავდათ.
,,ჩვენი პირველი მომხმარებლები იყვნენ ირლანდიელები რომლებმაც იქირავეს სკუტერი და იყვნენ სიღნაღში. კახეთში ეს მომსახურება არავის აქვს და ეს გვხდის ჩვენ საინტერესოს და ამ მიმართულებით პირველებს. სკუტერის 1 საათით გაქირავება 15 ლარი ღირს, 1 დღით 50 ლარი, 24 საათით კი 70 ლარი.’’
,,მაიტა სკუტერის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით იორდანიშვილი განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თელავს და კახეთს კარგად იცნობს, არის ბევრი საინტერესო ადგილი, რომლის აღმოჩენასაც კომპანიის და სკუტერების დახმარებით აპირებენ.
,,იდეაზე ბევრი არ გვიფიქრია, გატაცება გვქონდა აღმოგვეჩინა ახალი სანახაობები და ამაში ხელი შეგვიწყო სკუტერმა რადგან გადაადგილების სახალისო ფორმაა. ამ ეტაპისთვის გვყავს 5 სკუტერი, საიდანაც 2-ს მართვის მოწმობა სჭირდება და შესაბამისად განკუთვნილია შორ მანძილზე გადასაადგილებლად. 3 კი ისეთია მართვის მოწმობა რომ არ სჭირდება. 18 წელს ზემოთ ყველას შეუძლია ისარგებლოს ამით, რათქმაუნდა გამოცდილება უნდა ჰქონდეთ’’,- განაცხადა დავით იორდანიშვილმა.
ახალგაზრდები ამბობენ, რომ თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საღამოს საათებში არ მოძრაობს, კომპანია კი ტურისტებს საღამოს საათებში გადაადგილების და ისტორიული თუ ტურისტული ადგილების მონახულებას სთავაზობს.
,,ტურისტებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეეძლოთ გადაადგილება, სხვადასხვა ტურისტული ადგილების დასათვალიერებლად და არ იყვნენ დამოკიდებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გრაფიკზე. ამაში კი ხელს უწყობთ სკუტერი, რომლის მძღოლებიც თვითონ არიან.’’
ახალგაზრდები სამომავლოდ სპეციალური პლატფორმის შექმნას გეგმავენ, სადაც განთავსდება ყველა ის საინტერესო ადგილი, რომელიც არ არის ცნობილი.
ავტორი: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი