,, ახალ ლიდერთა ინიციატივა” თელავში რეგიონულ შეხვედრას გამართავს
1 დეკემბერს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალ ლიდერთა ინიციატივა“ პირველ რეგიონულ შეხვედრას გამართავს.
შეხვედრა 12:00 საათზე ღვინის ცენტრ ,, მოსმიერში” დაიწყება.
„ახალ ლიდერთა ინიციატივა“ დაფუძნდა 2019 წელს, რამდენიმე საზაფხულო ახალგაზრდული ბანაკის შედეგად.
ბანაკებში გადამზადება გაიარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მკვიდრმა 700-მა ახალგაზრდამ.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, კახეთის რეგიონული შეხვედრა იქნება NLI-ის მორიგი ფაზა – ნიჭიერი სტუდენტებისა და ახალგაზრდა ლიდერების პლატფორმა, რომელიც ითვალისწინებს რეგიონების განვითარების გეგმების შემუშავებას.
შეხვედრაზე დამსწრეებს სტუდენტები სიტყვით მიმართავენ. ისინი იმსჯელებენ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა და კახეთის რეგიონი. ესენია: უმუშევრობა, რუსული რბილი ძალა, ინფრასტრუქტურის არარსებობა, ახალგაზრდებისთვის პერსპექტივის არარსებობა. მომხსენებლები ისაუბრებენ პრობლემების მოგვარების გზებზეც.
კახეთის შემდეგ, „ახალ ლიდერთა ინიციატივა“ გააგრძელებს ანალოგიურ შეხვედრებს სხვა რეგიონებში.