ახალგაზრდა მუშაკების გამოცდილების გაძლიერების მიზნით ტრენინგ კურსი გაიმართა
ახალგაზრდა მუშაკების გამოცდილების გაძლიერების მიზნით, ორგანიზაცია ,,ამბრელამ” რეგიონებში მოქმედ ახალგაზრდულ ცენტრებთან ერთად ახალი პროექტი ,,ზრდის დროა” დაიწყო.
ახალგაზრდული ორგანიზაციის ,,ამბრელას” წარმომადგენლების განცხადებით, პროექტის ,,ზრდის დროა” ფარგლებში, სოფელ მისაქციელში ახალგაზრდა მუშაკების გამოცდილების გაძლიერების მიზნით ხუთდღიანი ტრენინგ კურსი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა სხვადსხვა მუნიციპალიტეტში მომუშავე 25-მდე მოქმედი და დამწყები ახალგაზრდა მუშაკი.
,,ახალგაზრდული ცენტრების განვითარების ხელშეწყობა, დემოკრატიული ჩართულობის ხარისხის ზრდისა და მათ საქმიანობაში ჩართული ახალგაზრდა მუშაკების კომპეტენციების გაძლიერების გზით – მისივე განმარტებით ახალგაზრდული მუშაკების როლი ძალზედ მნიშვნელოვანია ახალგაზრდების გამოცდილების გაძლიერების და მათ მიერ ლოკალურ დონეზე გამოწვევების აღმოფხვრისთვის” , -განაცხადა ,,ამბრელას” ხელმძღვანელმა სლავა მეჟდოიანმა.
ტრენინგის მიმდინარეობისას ახალგაზრდა მუშაკებს სააგენტოს წარმომადგენლები ესტუმრნენ, რომლებმაც კურსის მონაწილეებს მათ მიერ დაგეგმილი რეფორმის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.
პროექტს ,,ზრდის დროა” ახორციელებს ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,ამბრელა” და მასში ჩართულია საქართველოს რეგიონებში მოქმედი სხვადასხვა ახალგაზრდული ცენტრი და ორგანიზაცია: მცხეთის, (წეროვანი), ბორჯომის, ლაგოდეხის, მარნეულის (ალგეთი და წითელი სოფელი), თეთრიწყაროს, ყვარელის, კასპის, გარდაბანის (მარტყოფი) მუნიციპალიტეტებიდან.
პროექტი დაფინანსებულია ევროპის საბჭოს ევროპის ახალგაზრდული ფონდის მიერ. იგი ასევე გულისხმობს ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებით შემუშავებული ახალგაზრდული პორტფოლიოს თარგმნას და გავრცელებას, რომლის დაბეჭდვას და გავრცელებას მხარს უჭერს ახალგაზრდობის სააგენტო.