სოფელ შილდაში მცხოვრები მარტოხელა დედა დახმარებას ითხოვს
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მცხოვრები მარტოხელა დედა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
31 წლის ნინო კიკოლაშვილს მესამე წელია მეუღლე გარდაეცვალა, დარჩა ორი მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც ქმრის ოჯახში ზრდიდა. მისი განცხადებით, დედამთილი და მამამთილი მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
ნინოს თქმით, იმის გამო, რომ ქმრის ოჯახში საჭმელს არ აჭმევდნენ, 5 წლის გოგოსთან და 3 წლის ბიჭთან ერთად ცალკე გადასვლა მოუწია. ის ახლა მეზობლის ბინაში ქირით ცხოვრობს, არ აქვს საკვები, ავეჯი და ტანსაცმელი. ნინო დახმარებას საზოგადოებას სთხოვს.
,,მეუღლე მესამე წელია გარდამეცვალა სიმსივნით და დამრჩა ორი არასრულწლოვანი შვილი 5 წლის გოგო და 3 წლის ბიჭი, რომელსაც დამოუკიდებლად ვზრდი. მაქვს სოციალური დახმარება და პენსია უმამობის. ეს არის ჩემი შემოსავალი.
აქამდე ვცხოვრობდი ჩემი ქმრის სახლში დედამთილთან და მამამთილთან ერთად. სულ უთანხმოება გვქონდა, შეურაცხყოფას მაყენებდნენ, ცემაზეც გადმოდიოდნენ, მიჩივლეს კიდევაც. ჩემი შვილების წართმევა უნდათ, მე ამათ მეტი არავინ მყავს და რაც არ უნდა მოხდეს არ დავთმობ. არა და სახლში ყველაფერს მე ვაკეთებდი და ელემენტარულად საჭმელს არ მაჭმევდნენ. ამის გამო ავდექი და წამოვედი სახლიდან.
მეზობლის სახლში ვარ ქირით, არც ავეჯი მაქვს. სახლიდან მხოლოდ ბავშვების ტანსაცმელი წამოვიღე. რაც წამოვედი საჭმლის ფული არ მოუწოდებიათ და არც მოვუკითხივართ. ახლა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ, ტანსაცმელი და საკვები გვესაჭიროება. მითხრეს მერიას აქვს საშუალება გამოყოს ბინა და ქირა იხადოსო, მაგრამ მხოლოდ 4 თვეო. მერე რა ვქნა არ ვიცი. ვთხოვ დახმარებას ყველას, ვისაც რითი შეუძლია დაგვეხმაროს”,- განუცხადა Knews.ge-ს ნინო კიკოლაშვილმა.
დახმარების მსურველებს შეუძლიათ ნინოს დაურეკონ პირად ტელეფონზე: 568776636