რატომ დაგვიანდა თელავის მიწათსარგებლობისა და ცენტრალური მოედნის განაშენიანების გეგმის დამტკიცება
თელავის მიწათსარგებლობისა და ცენტრალური მოედნის განაშენიანების გეგმა, რომელიც გასულ წელს შემუშავდა, ამ დრომდე დამტკიცებული არ არის.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის დავით ქსოვრელიშვილის განცხადებით, გენერალური გეგმის მიღება შეაფერხა თელავის ცენტრალური ნაწილის განვითარების და ,,ქალაქი 7 ბორცვზე” ხედვის შემუშავებამ, რადგან აღნიშნულმა გეგმებმა ერთმანეთი გადაკვეთა.
მისი თქმით, სამივე გეგმა თანხვედრაში უნდა იყოს ერთმანეთთან და სწორედ ამის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. გეგმის საბოლოო ვარიანტი კი უახლოეს პერიოდში იქნება მზად. აღნიშნულ საკითხზე მან ონლაინ რადიო,,კახეთის ხმის” პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
,,ამ დროისთვის სამი გეგმა გვაქვს, ერთი არის თელავის გენერალური გეგმა, მეორე ცენტრალური მოედნის განაშენიანების და მესამე ,,ქალაქი 7 ბორცვზე” განვითარების გეგმა. თავიდან მომზადდა გენერალური გეგმა, რომელიც არამარტო ქუჩების და ისტორიული ნაწილის განვითარებას ითვალისწინებს, პირველრიგში ის არის იმ ზონების განსაზღვრა დოკუმენტალურად, სად არის ისტორიული უბანი, სად არის ის ზონა, სადაც შეძლება მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა, ან სად არის შესაძლებელი სამსართულიანი შენობის აშენება და სხვა.
მეორეა თელავის ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმა, ეს პირდაპირ მიბმულია გენგეგმაზე და სწორედ ამიტომ დაგვიანდა აღნიშნული დოკუმენტის დამტკიცება.
მესამეა 20 მილიონიანი პროექტი, ეს არის ,,თელავი 7 ბორცვზე” განვითარების პროექტი. როცა ამ ხედვის წინ წამოწევა მოხდა, ამან წინა ორი გეგმა გადაკვეთა და პროექტის შემმუშავებლები იძულებულები არიან, რომ ერთმანეთთან შეათანხმონ პროექტის მიზნები და შესაძლებლობები.
რამდენჯერმე მოხდა თელავის საკრებულოში ამ გეგმების განხილვა, რომელსაც დეპუტატების გარდა სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ და ის ადამიანები ვინც ამ დოკუმენტებზე მუშაობდა. გამოიკვეთა შენიშვნები, მოხდა მისი გათვალისწინება და გენგეგმის საბოლოო ვარიანტი უახლოეს პერიოდში იქნება მზად და მიწოდებული საზოგადოებისთვის”,– განუცხადა Knews.ge-ს დავით ქსოვრელიშვილმა.
შეგახსენებთ, თელავის მიწათსარგებლობისა და ცენტრალური მოედნის განაშენიანების გენერალური გეგმა, რომელიც შპს „ატელიე არქტიქტს“ -ის ჯგუფმა დაამუშავა, მოიცავს ქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის კულტურული, გასართობი, შემეცნებითი სივრცეების მოწყობას, საცხოვრებელი უბნების და ქუჩების რეაბილიტაციას, დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნას, მრავალბინიანი სახლების ეზოების რეაბილიტაციას, ახალი ტურისტული ადგილების შექმნას, ავტოსადგომების მოწყობას, ქალაქის ცენტრის განვითარებას და სხვა.
რაც შეეხება ისტორიული შვიდი ბორცვის“ ტურისტული მარშრუტის განვითარებას, რომელზეც ქალაქი თელავია გაშენებული, პროექტის ფარგლებში, ქალაქ თელავში მოეწყობა შემდეგი ტურისტული ინფრასტრუქტურა: პარკირება და ბილიკი ზუზუმბოს გორაზე, ხიდთან მისასვლელი გზა, ზუზუმბოსა და დაბახნევის ბორცვების დამაკავშირებელი ხიდი, ბილიკები გიგოს გორასა და დაბახნევის ბორცვზე. ასევე სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება – ერეკლე მეორის ქუჩის, ელენე ახვლედიანის სამხატვრო სკოლის ცენტრალური ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრის სარდაფის რეაბილიტაცია.
ასევე დაგეგმილია გივი ჩოხელის სახელობის სტადიონის რეაბილიტაცია. მის ადგილზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სტადიონი აშენდება.