როგორ მოხდება კახეთში კორონავირუსზე მოსახლეობის ვაქცინაცია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, საქართველოში ვაქცინა სავარაუდოდ თებერვლის შუა რიცხვების შემდეგ შემოვა და მოსახლეობის ვაქცინაცია ეტაპობრივად მოხდება.
მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესი 8 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
,,ვაქცინაცია ერთადერთი გზაა, რომ ეს დაავადება საბოლოოდ დავამარცხოთ. ვაქცინა რამდენიმე ქვეყანამ შექმნა და პროცესიც დაწყებულია. ჩვენს ქვეყანასაც აქვს განაცხადი გაკეთებული და ვაქცინას ველოდებით თებერვლის 15 რიცხვიდან. მსოფლიოში ვაქცინის წარმოება არის ზოგადად ცოტა, რადგან წარმოება ვერ მიყვება იმ მოთხოვნას რაც სინამდვილეში.არის. ამიტომ ყველა ქვეყანაში დაიწყეს რისკ-ჯგუფების შერჩევა, რომლებიც პირველები მიიღებენ ვაქცინას. თანდათან ეს ეტაპი გაგრძელდება და მოიცავს მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებს.
ამ კუთხით ჩვენთან უკვე სამთავრობო გეგმა არის შემუშავებული, რომელიც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს წარედგინა დასამტკიცებლად. ისევე როგორც მსოფლიოში, პირველი რის-კჯუფი რომელიც აიცრება, ეს გახლავთ სამედიცინო პერსონალი, შემდეგი იქნება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში მყოფი ბენეფიციარები და მათი მომვლელები, ასევე 75 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობა. მომდევნო ეტაპზე უკვე დაემატება 65-დან 75 წლამდე ასაკის მოსახლეობა, მესამე ეტაპზე მოხდება 55-დან 65 წლამდე მოსახლეობის აცრა. ეს პროცესი გაგრძელდება დაახლოებით 8 თვე და შემოდგომაზე დასრულდება. საბოლოო ჯამში ალბათ მოხდება 1 მილიონ 400 00 პირის ვაქცინაცია”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა რადიო ,,კახეთის ხმის” პირდაპირ ეთერში.
მისი თქმით, ამ მიმართულებით მოსახლეობის ინფორმირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
,,ბოლო დროს სოციალურ მედიაში გავრცელებულია ანტივაქცინური მოძრაობა. არიან ადამიანები, რომლებიც მუდმივ რეჟიმში ვაქცინაციის მავნელბლობის შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. აქედან გამომდინარე აუცილებელია მოქალაქეების ინფორმირება. როგორც ყველა წამალს, ასევე ვაქცინას აქვს თავისი გვერდითი მოვლენები”,- აღნიშნა ნელი ხიზანიშვილმა.