საჰაერო ბილიკი, ხიდები, კოშკურები -როგორი იქნება ხის კენწეროების ბილიკი ლაგოდეხში



ლაგოდეხის აღკვეთილში ხის კენწეროების ბილიკის მშენებლობის დასრულება 2024 წლამდე იგეგმება.

ხის კენწეროების ბილიკის, საინფორმაციო ცენტრის და საპარკინგე სივრცის მოწყობაზე, დაცული ტერიტორიების სააგენტომ მიწის ნაკვეთებზე, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გაცემის მიზნით, პირობებიანი ელექტრონული აუქციონი 2020 წლის 10 იანვარს გამოაცხადა.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 3 წლის განმავლობაში განახორციელოს არანაკლებ 8 მილიონი ლარის ინვესტიცია და მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის.

პირველი ხის კენწეროების ბილიკი ლაგოდეხში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, მოეწყობა.

სააგენტოს ინფორმაციით, ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს.

,,მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებშია. ბილიკი, წინასწარი გათვლებით ერთი წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს. პროექტის მიხედვით, ბილიკი წრიული იქნება და მისი სიგრძე 500 მეტრი იქნება”,– აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

ხის კენწეროების ბილიკის პროექტი გერმანულ-ჰოლანდიურმა კომპანია, „CITYFORESTER“-მა მოამზადა. კომპანია ევროპის წამყვან ქვეყნებში არქიტექტურა/ურბანიზმის მიმართულებით მუშაობს.

„CITYFORESTER“-ის გარდა, ბილიკის საპროექტო სამუშაოების მომზადების პროცესში ორი უცხოური კომპანია: „OPENFABRIC“ და „IMAGINE STRUCTURE“ და ერთი ქართული ორგანიზაცია “CENN” იყო ჩართული. ორგანიზაციებს მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტებზე და ინტელექტუალურ დიზაინზე მუშაობის მიმართულებით”, – აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.