საქართველოში უმუშევრობა 21.9%-მდე გაიზარდა
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 21.9%-მდე გაიზარდა .
“2021 წლის I კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 48.3 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 4.2 პროცენტული პუნქტით და 37.7 პროცენტს შეადგენს. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 2.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 3.8 პროცენტული პუნქტით.
დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 4.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 3.3 პროცენტული პუნქტით. 2021 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 5.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 0.4 პროცენტული პუნქტით”, – ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.
ასევე აღსანიშნავია, დასაქმების დონე გენდერულ ჭრილში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში, კაცებს შორის დასაქმების დონე 45.5%-მდე არის შემცირებული, ხოლო ქალებში დასაქმების წილი 30.9%-ია.