გურჯაანში ადრეული ინტერვენციის ცენტრი გაიხსნება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მშობელთა და ბავშვთა ინტერესების დაცვის ასოციაცია “დია” შეიქმნა, რომლის მიზანია ადრეული ინტერვენციის პირველი ცენტრის ამუშავება, შშმ ბავშვთა უფლებების დაცვა და მათი განვითარებისთვის საჭირო სერვისების შექმნა.
ასოციაცია გურჯაანში მცხოვრებმა დიანა ხაზარაძემ დააფუძნა, რომელიც ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობელია.
,,მშობელთა და ბავშვთა ინტერესების დაცვის ასიოციაცია ,,დია” 2020 წლის იანვარში დაფუძნდა და მისი მიზანია შშმ ბავშვების დახმარება, ადვოკატირება, მათთვის საჭირო სერვისების შექმნა.
პირველი ნაბიჯი იყო შშმ ბავშვთა მშობლების მოძიება. აღმოჩნდა, რომ აუტიზმის მქონე 25-ზე მეტ ბავშვს ესაჭიროება სათანადო სერვისის შექმნა ადგილზე. ამ კუთხით მშობლების ცნობადობა დაბალია და მათი ინფორმირება მნიშვნელოვანია, რადგან მათ არ იციან რა გააკეთონ. დროთა განმავლობაში კი ბავშვის განვითარების პროცესი რთულდება.
სწორედ ამიტომ დავიწყე ფიქრი გურჯაანში ადრეული ინტერვენციის პროგრამის შექმნაზე. მოვიძიე პედაგოგები: ფსიქოლოგი, ლოგოპედი, ინკლუზიური განათლების მასწავლებელი და მათი მონაცემები გადავაგზავნე ჯანდაცვის სამინისტროში. ისინი ყველა მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, თუმცა მათ უნდა ჰქონდეთ ასევე ადრეული ინტერვენციის ტრენინგი გავლილი და შესაბამისი სერთიფიკატი. ამისთვის მაქვს პროექტი დაწერილი და ველოდებით დაფინანსებას, რომ მასწავლებლების გადამზადება მოხდეს”,- განუცხადა Knews.ge-ს დიანა ხაზარაძემ.
მისი თქმით, ადრეული განვითარების და პროგრამის ცენტრი იქნება ადგილი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ადრეული ეტაპის განვითარების შეფერხება და შშმ ბავშვის 0-7 წლამდე განათლება და განვითარება, მათი ოჯახების ინფორმირება და მხარდაჭერა, სპეციალისტების პროფესიული ზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
დიანას ინფორმაციით, იმის გამო, რომ გურჯაანში ადრეული ინტერვენციის ცენტრი არ არსებობს, კვირაში სამჯერ შესაბამისი სერვისის მისაღებად ბავშვთან ერთად თელავში უწევდა წამოსვლა, რაც მისი განმარტებით შედეგის მომცემი არ არის.
,,მე ვარ შშმ ბავშვის მშობელი და ძალიან მიჭირდა კვირაში სამი დღე სიარული თელავის ცენტრში. თან სამი გაკვეთილი კვირაში არასაკმარისია. სხვა მშობელიც ვერ ატარებს ასე მუდმივად ბავშვს სხვა მუნიციპალიტეტში, რადგან არსებობს ტრანსპორტის პრობლემა. ჩემს შვილს მაგალითად ქცევის დარღვევა აქვს და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვერ ჩავსვამ. ამიტომ არის აუცილებელი იყოს ცენტრი, სადაც ბავშვები სერვისს ადგილზე მიიღებენ.
ჩვენი აუდიტორია არის გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე 0-დან 7 წლამდე ბავშვები, მეც 5 წლის ბავშვი მყავს და აქვს შშმ პირის სტატუსი. ბავშვთა ადრეულ განვითარებაზე ზრუნვა მოხდება სახელმწიფოს დაფინანსებით. სანამ ბავშვი აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთვება, დგას რიგში და ამ დროის განმავლობაში მერია აფინანსებს მათ”,- განაცხადა დიანა ხაზარაძემ.
მისი განმარტებით, ცენტრის ასამუშავებლად საჭირო ფართის გამოყოფასთან დაკავშირებით მათ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართეს. უწყებამ მშობელთა და ბავშვთა ინტერესების დაცვის ასოციაცია “დია”-ს, საქმიანობისთვის და ადრეული ინტერვენციისთვის, გადასცა ფართი, სადაც ადრეული ინტერვენციის პირველი ცენტრის შექმნა და ამუშავება იგეგმება.
,,შევიტანე ფართის გადმოცემაზე განაცხადი მერიაში, ეს პროცესი ცოტა გაჭიანურდა, თუმცა გადმომცეს შენობა ცენტრის ასამუშავებლად. ახლა ფართის მოწყობის საჭიროებაა და ასევე განმავითარებელი სათამაშოების ყიდვა.
გადმოცემულ შენობაში შეყვანილია კომუნიკაციები, თუმცა რადგან ბავშვებისთვის კეთდება, აუცილებელია თანამედროვედ იყოს მოწყობილი, რომ მათ უხაროდეთ მოსვლა. გვინდა მაგიდები, კარადები, არაფერი არ გვაქვს და ამ პრობლემის მოსაგვარებლად თანხის შეგროვება დავიწყეთ. ჩვენი მეგობარი კომპანიის დახმარებით, რაღაც ნაწილი უკვე მოვაგროვეთ. იმედი გვაქვს , რომ ძალიან მალე სრულ თანხასაც მობუყრით თავს. დიდი თხოვნით და სიამოვნებით მივიღებთ ნებისმიერი ტიპის შემოწირულობას. ასოციაციის ანგარიშებია: ს/კ 427740055, TBC GE78TB7376736020100002 ან საქართველოს ბანკის ანგარიში: GE39BG0000000915324700. ველში უნდა მიეთითოს სიტყვა საქველმოქმედო”,– განაცხადა დიანა ხაზარაძემ.