თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა
სასამართლომ თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა.
თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მარიკა ცერცვაძემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ვანო ზანდარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ვანო ზანდარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება განზრახ მკვლელობისა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. სახელმწიფო ბრალდება მას თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, 38 წლის ზურაბ საჩიშვილის მკვლელობას და მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის დაჭრას ედავება.
შემთხვევა 25 დეკემბრის ღამეს სოფელ იყალთოში მოხდა, სადაც, გამოძიების ვერსიით, პოლიციის მაღალჩინოსანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით ადგილზე მოკლა ზურაბ საჩიშვილი. საქმეზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 თებერვალს ჩაინიშნა.