საგარეჯოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს კორონავირუსთან დაკავშირებით ბროშურები დაურიგდათ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს კორონავირუსის შესახებ კარდაკარის პრინციპით ბროშურები დარიგდათ, რომელიც ორ ენაზე: ქართულ-სომხურ და ქართულ- აზერბაიჯანულ ენებზე იყო დაბეჭდილი.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების მორიგი კამპანიის ფარგლებში 10 000-მდე ფლაერი დარიგდა.
,,COVID 19-თან დაკავშირებით მერიამ საინფორმაციო მასალები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ოჯახებში კარდაკარ პრინციპით დაარიგა.
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა შემდგომი ოპერატიული ინფორმირების მიზნით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარებით, ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ ენებზე მომზადდა და ვრცელდება საინფორმაციო ბროშურები ქვეყანაში დაწესებული უახლესი რეგულაციებისა და კორონავირუსთან დაკავშირებული ხშირად დასმული შეკითხვების შესახებ. ორენოვანი ბროშურები კახეთის რეგიონის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ, მუნიციპალური ცენტრებიდან დაშორებულ იმ სოფლებში გავრცელდება, სადაც ელექტრონული არხებით ინფორმაციის მიღებაზე წვდომა პრობლემურია”,- აცხადებენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.
მერიაში ამბონენ, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების კამპანია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში ხორციელდება.