კახეთში კლინიკებს სწრაფი ანტიგენის ტესტირებისთვის ყოველდღიურად ასობით ადამიანი მიმართავს
კახეთის რეგიონში სწრაფი ანტიგენის ტესტირებისთვის შესაბამის დაწესებულებებს დღეში ასობით ადამიანი მიმართავს.
კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, ეს პროცესი რეგიონში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.
შიოშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია უფასო ტესტირებაში მოქალაქეების მონაწილეობა და ეს მათ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.
თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის ხათუნა ჯონიაშვილის ინფორმავიით, მის კლინიკას დღის განმავლობაში 100-მდე პაციენტი მიმართავს.
“სწრაფი ანტიგენ ტესტი უტარდებათ იმ მოქალაქეს , რომელებიც სიმპტომების მიუხედავად მოგვმართავენ . ჩვენს სამედიცინო დაწესებულებაში დღის განმავლობაში, დაახლოებით 70-დან 90-მდე პაციენტის ტესტირება ხორციელდება. იმ შემთხვევაში თუ პაციენტს აღენიშნება სიმპტომები, მაგრამ სწრაფი ანტიგენ ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, შესაძლებელია მოხდეს უფრო ღრმა, PCR ტესტირების ჩატარება, ამის შესახებ გადაწყვეტილებას უკვე ოჯახის ექიმი იღებს “- აღნიშნა ხათუნა ჭონიაშვილმა.
კახეთის რეგიონის მასშტაბით , სწრაფი ანტიგენ ტესტირების ჩატარება 26 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი.