საჩინოგორის ღვთისმშობლის სახელობის ულამაზესი ტაძარი – ადგილი ახმეტაში რომელიც უნდა ნახოთ
საჩინოგორის ღვთისმშობლის სახელობის ულამაზესი ჯვარგუმბათოვანი ტაძარი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბიდან სამხრეთით მაღალი მთის წვერზე.
ტაძარი აგებულია XIV საუკუნის პირველ ნახევარში და მდიდარი ხუროთმოძღვრული გადაწყვეტით სავსებით ესადაგება გიორგი V-ის (1314-1346წწ) ბრწყინვალე ეპოქას.
ტაძრის სიმაღლე დაახლოებით 40 მეტრია. გარეფასადი მთლიანად შირიმის ფილების პერანგითაა დაფარული, ხოლო ინტერიერის სამშენებლო მასალად, როგორც შირიმის თლილი კვადრები, ასე რიყის ქვა და აგურია გამოყენებული.
კვადრატულ ეკლესიას (14მ*14მ) სამი შესასვლელი ჰქონია; დასავლეთის კარი დღემდე მოქმედია, სამხრეთის შესასვლელი გვიანპერიოდში ამოუქოლავთ, ხოლო ჩრდილოეთის კარი, რომელიც აკლდამაში გასასვლელიც ყოფილა – გუმბათისა და ჩრდილო აფსიდის ჩამონგრევის შედეგად ჩახერგილია.
სამეცნიერო ლიტერატურაში ეს ტაძარი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შერქმეული საჩინოგორის, ან უბრალოდ, საჩინოს ეკლესიის სახელით არის შესული.
სავარაუდოდ სახელი ეკლესიას მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე უნდა გასჩენოდა. მაღალი სტრატეგიული მნიშვნელობის მთის მოვაკებულ ადგილს იკავებს, რომლის გარშემო მრავალი ნამოსახლარი, ნაციხარი და ეკლესიაა.
ეს მთა ალაზნის ვაკის მნიშვნელოვან პერიმეტრს აკონტროლებდა და თავისმხრივ, თვითონაც თვალსაჩინოდ მოჩანდა დაბლობიდან.