თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართული მუშაობისთვის ახალი ორგანიზაცია შეიქმნება
თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართული მუშაობისთვის ახალი ორგანიზაცია შეიქმნება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის, დავით ქსოვრელიშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხზე უწყება საკრებულოსთან ერთად მუშაობს.
მისი განმარტებით, თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებამდე დაგეგმილია ახალი ორგანიზაციის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ტრანსპორტის გამართულ მუშაობას.
დავით ქსოვრელიშვილიმა განაცხადა, რომ თელავს 5 ავტობუსი გადაეცა, წლის ბოლომდე კიდევ 5 დაემატება და 2021 წლის დასაწყისში ათივე ავტობუსი მუშაობას დაიწყებს.
,,ორგანიზაციის შექმნის საკითხზე საკრებულოსთან ერთად ვმუშაობთ. დაგეგმილია, რომ ჩამოვაყალიბოთ ის ორგანიზაცია, რომელიც გაუწევს მონიტორინგს მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობას. ორგანიზაციას ეყოლება შესაბამისი სტაფი, ექნება ფინანსები, ასევე ყველა ის საჭირო ინვენტარი რომელიც ამ ავტობუსების მუშაობას სჭირდება. ორგანიზაცია შეიქმნება სავარაუდოდ 1 თვეში, მანამდე კი 5 ავტობუსი დაგვემატება. რაც შეეხება მარშრუტებს, ესეც შემუშავდება და მძღოლებიც გადაემზადებიან”,– განუცხადა Knews.ge-ს დავით ქსოვრელიშვილმა.