მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში თელავს 5 ავტობუსი გადაეცა
რეგიონებისთვის განკუთვნილი 175 ახალი თანამედროვე სტანდარტების ავტობუსიდან, პირველი ეტაპისთვის განკუთვნილი 5 ავტობუსი თელავს უკვე გადაეცა.
დღეს, თელავში, ავტობუსების ოფიციალური გადაცემის ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი შენგელია, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 6 ქალაქისთვის განკუთვნილი 175 ავტობუსიდან პირველი 5 ერთეული 8.5 მეტრიანი, EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსი ქალაქ თელავს გადასცა.
პროგრამა საშუალებას მისცემს ქალაქებს განავითარონ მუნიციპალური ტრანსპორტის სექტორი, ხოლო მოსახლეობა ისარგებლებს თანამდეროვე, კომფორტული და რაც მთავარია, გარემოსთვის უვნებელი ავტობუსებით.
ახალი ავტობუსები გათვლილია 50 მგზავრზე და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. თელავი, რომელსაც აქამდე არ გააჩნდა მუნიციპალური ტრანსპორტი, განვითარების ახალ სტანდარტზე გადავა.