წყალი, თუ საწამლავი
უკანონო ნაგავსაყრელები, დაბინძურებული ზედაპირული წყლები, სათავე ნაგებობებთან ახლოს მდებარე სასაფლაოები და ქალაქის უმოქმედო კანალიზაციები კახეთის სოფლებისა და ქალაქების მოსახლეობას სხადასხვა დაავადების საფრთხეს უქმნის.
რეგიონის არც ერთ ქალაქში კანალიზაციის წყლის გამწმენდი ნაგებობა არ არსებობს. ფეკალურ მასებთან ერთად ხევებში, არხებსა და მდინარე ალაზანში ქიმიური ნივთიერებებით და პესტიციდებით მოწამლული წყალი ჩაედინება.
კახეთის სასმელი წყლების შემადგენლობაში ბაქტეოროლოგიური დაბინძურება წლების განმავლობაში ფიქსირდებოდა, რასაც, ხშირ შემთხვევაში, მოძველებულ სასმელი წყლის მაგისტრალს და მოუწყობელ სათავე ნაგებობებს მიაწერდნენ. ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემო სასმელი წყლის ხარისხზე პირდაპირ ზემოქმედებს.
მართალია, ბოლო წლებში სასმელი წყლის მაგისტრალისა და სათავე ნაგებობების აღდგენა და მშენებლობა დაიწყო, მაგრამ მდგომაროება არ გაუმჯობესებულა. ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ წყლის დაბინძურების მიზეზი წყლის სანიტარული ნორმების დარღვევაა. `საქართველოს კანონის „წყლის შესახებ“ მოთხოვნათა თანხმად, აკრძალულია გაწმენდის გარეშე დაბინძურებული წყლების ჩაშვება მდინარეებში. თელავში გასული საუკუნის 70-ან წლებში ფუნქციონირებდა გამწმენდი ნაგებობა, რომლის სიმძლავრე არ აკმაყოფილებდა ქალაქის მოთხოვნილებას. ამ მიზეზით დაიწყო უფრო დიდი წარმადობის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რომელიც ვერ დასრულდა. ამჟამად კახეთში არსებული 9 ქალაქიდან არც ერთს არა აქვს გამწმენდი ნაგებობა და დაბინძურებული წყლები ზოგან პირდაპირ, ზოგან სარწყავი არხის საშუალებით, გაუწმენდავად, საბოლოოდ ხვდებიან მდინარეებში – ალაზანსა და იორში.
უნუგეშო სტატისტიკა:
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ლაბორატორიული კვლევების შედეგები თითქმის ყოველთვის ადასტურებს, რომ სერვისის ქვეშ მყოფ დასახლებებს უსაფრთხო წყალი მიეწოდება, თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც ამ კვლევების დოკუმენტების მიღმა ფაქტები განსხვავებულია. მაგალითა, 2020 წლის მაისში ქალაქ გორში 25 მდე მოსწავლის მოწამვლის ფაქტზე ეპიდემიოლოგები წყლის დაბინძურებაზე საუბრობდნენ, თუმცა ქალაქ გორში, წყალმომარაგების კომპანიის ლაბორატორიის მიერ შემოწმებული პირველადი მონაცემებით, გაირკვა, რომ ორგანულეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით, სასმელი წყალი აკმაყოფილებს წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ლაბორატორიული კვლევების შედეგად 2019 წელს მთელ კახეთში 2852 დიდი და პატარა წყლის სათავეებზე სანიტარულ-ქიმიური კვლევები ჩატარდა და აქედან ნორმიდან გადაცდომა 130 სათავეზე დაფიქსირდა, 214 მიკრობიოლოგიური კვლევიდან კი, 43 ნორმის მოთხოვნები დარღვეულია, რაოდენობრივად, ყველაზე მეტ სათავეზე დარღვევა სანიტარულ ქიმიური გამოკვლევის დროს ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, ახმეტისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში გამოვლინდა, მოკრობიოლოგიური კვლევის დროს კი, ნორმების დარღვევით ახმეტა, ყვარელი და თელავი ლიდერობს. 2012 წელიდან დღემდე საკმაოდ მაშტაბური კვლევა ტარდა თელავის რეგიონულ და ყველა მუნიციპალიტეტის ლაბორატორიებში.
ამჟამად კახეთის ტეტის ტერიტორიაზე, სადაც მეოთხედ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, წყლის ადგილობრივი 9 ლაბორატორია მოქმედებს. ლაბორატორიული კვლევებით ირკვევა, რომ კახეთის ცხრა ლაბორატორია შეამოწმეს. იმ 104 სათავე ნაგებობიდან, ლიც ზედაპირული წყლებიდან საზრდოობს, 22 სათავე ბაში წყლის ხარისხის ნორმიდან გადახრა დაფიქსირდა, თუმცა სტატისტიკაში არ ჩანს რამდენი კომპონენტით და რამდენადაა საშიში ჯანმრთელობისთვის.
ამავე კვლევისას შემოწმდა გრუნტის წყლით შევსებული 157 სათავე ნაგებობა. აქედან 38 ნორმიდან გადახრაა დაფიქსი¬რებული. ქსელში გასაშვები 282 სინჯიდან 14 ნორმიდან, გამანაწილებელ ქსელში გაშვების შემდეგ კი – 4077 სინჯიდან 83 ნორმიდან გადაცდენაა დაფიქსირებული.
`წყლის ხარისხი რეგიონის მასშტაბით შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ სტანდარტებს, _ აღნიშნულია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ ,,კახეთის ხმის” მისამართით 27 მარტს გამოგზავნილ წერილში, დედოფლისწყაროს სასმელ წყალში მომატებულია ნიტრატების შემცველობა, თუმცა არ სცილდება რეგლამენტით დადგენილ ნორმას 50მგ/ლ–ს . “
საერთო ჯამში, როგორც სტატისტიკიდან ჩანს, თითქოს მდგომარეობა საგანგაშო არ არის, მაგრამ ჩვენმა ჟურნალისტურმა მოკვლევამ ცხადყო, რომ არც ერთ ქალაქსა და დაბას კახეთში, ერთიანი მოწესრიგებული წყალგამანაწილებელი და საკანალიზაციო სისტემა არ გააჩნია, ამიტომ ან სტატისტიკა არის არასწორი, ან მართლა საქართველოს მდიდარი ბუნება გვშველის, რომ ზედაპირული წყლები თავად იწმინდება, გრუნტის წყლებს კი, ნიადაგი ფილტრავს, მაგრამ გარემოს დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების სამმართველოს უფროსის – მარიამ მაკაროვას თქმით, ყველაფერს აქვს საზღვარი, თვით მდინარეების თვითწმენდის უნარსაც.
ხშირად ხდება ხოლმე, რომ სათავიდან გაფილტრული, გასუფთავებული წყალი გზადაგზა, მილების დაზიანებების გამო, ბინძურდება. ბევრგან წყლისა და კანალიზაციის სისტემა გვერდიგვერდაა, ამიტომაც ხშირად კანალიზაციის წყალი წყლის მაგისტრალში აღწევს. არც ერთი ქალაქის კანალიზაცია გამწმენდით არ სუფთავდება და ასე ჩაედინება ახლომდებარე ხევებსა და არხებში ან პირდაპირ მდინარე ალაზანში.
ბოლო წლების განმავლობაში თითქმის არაფერი გაკეთებულა საკანალზიაციო სისტემის მოსაწესრიგებლად რეგიონში. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციაზე დაყრდნობით ირკევვა, რომ რამდენიმე გამონაკლისია: ყვარელში კილომეტრ-ნახევრამდე სიგრძის კანალიზიის მაგისტრალის მშენებლობა, თელავში _ ბათუმისა და სეხნიაშვილის ქუჩებზე ახალი 1127მ სიგრძის საკანალიზაციო კოლექტორის მოწყობა და სხვადასხვა ქალაქებში ფრაგმენტულად დაზიანებების აღდგენა მოხერხდა. ეს სამუშაოები მთელი პრობლემის მხოლოდ მცირე ნაწილია.
კახეთის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გასარწყავებას უზრუნველყოფს სახელმწიფო შ.პ.ს. „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია“. აღნიშნულ კომპანიას რეგიონის მასშტაბით ოთხი სისტემური სამმართველო ექვემდებარება, კერძოდ: ზემო ალაზნის, ქვემო ალაზნის, ლაგოდეხი-ყვარლის და ქვემო სამგორის სისტემური სამმართველოები, რომლებიც კახეთის ყველა მუნიციპალიტეტისთვის სარწყავი წყლის მიწოდებას უზრუნველყოფენ. დედოფლისწყაროში რამდენიმე სარწყავი სისტემა ფუნქციონირებდა: ზილიჩა პირველი, ტარიბანისა და თელაწყლის მექანიკური სარწყავი სისტემები. მდინარე ალაზნიდან ზილიჩა პირველით 6 000 ჰა ირწყვებოდა, ტარიბანის მასივის გასარწყავება მდინარე იორზე მოწყობილი სატუმბი სადგურით ხდებოდა. დღეს აღნიშნული სისტემები გაუქმებულია. საგარეჯოში კახეთის რეგიონის განვითარების სტრატეგია 27 სავარგულების გასარწყავება მექანიკური სარწყავი სისტემებით ხდებოდა. დღეს აღნიშნული სარწყავი სისტემა გაუქმებულია.
წყარო: კახეთის რეგიონის განვითარების 2014-21 წლების სტრატეგია. http://gov.ge/files/275_38368_341843_136617.09.13%E2%80%931.pdf
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში უთითებენ, რომ საკანალიზაციო სისტემის აღდგენა ამ ეტაპზე არ იგეგმება. ,,მას შემდეგ, რაც გარემოს დაცვის სამინისტროს ჩამოერთვა კონტროლის მექანიზმი და გაუქმდა სანეპიდსადგური, წყლის ხარისხის სტატისტიკას სახელმწიფო ფაქტობრივად აღარ ახორციელებდა. წელს სოფლის მეურნეობის სამინსიტრომ უნდა დაიწყოს წყლის ხარისხის კონტროლი. იმედი გვაქვს არასამთავრობოებს, რომ აღდგება სანეპიდსადგურის მსგავსი სტრუქტურა, რომელიც უშუალოდ წყლის ხარისხს გააკონტროლებს და იარსებებს რეალური სტა¬ტისტიკა,”_აცხადებს ჩვენთან ინტერვიუში არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – ,,დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.
ამ უნუგეშო პერსპექტივას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი იმით ხსნის, რომ კომპანიას ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დახვდა წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის მიმართულე-ბით. ორ წელიწადში ამ პრობლემების მოგვარებას შეუძლებლად მიიჩნევენ. პირველ რიგში, ისინი წყალმომარაგების მოწესრიგების ინვესტირებას ახდენენ და მხოლოდ ამის შემდეგ მოწესრიგდება კანალიზაციაც.
გაერთიანებული წყალმოამრაგების კომპანიას, როგორც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული მართვის სამინსტროს სტრუქტურას, მმართველობაში გადაეცა საქართველოს დიდი და პატარა ქალაქების წყალმოამრაგების სისტემა. ამ სქემაში თავდაპირველად იქ კანალიზაციის სისტემები არ იყო გათვალისწინებული, თუმცა, საკითხის სიმწვავის გამო, საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციაც ამ კომპანიას მიაკუთვნეს. მოგვიანებით ამ კომპანიას სამინისტრომ სოფლის წყლების რეაბილიტაციაც დაავალა.
-`დღეის მდგომარეობით კომპანიას არ გააჩნია ვალდებულება, ყველა სოფელს მოემსახუროს, თუმცა, მიუხედავად ამისა, კომპანია კახეთის რეგიონში 21-მდე სოფელს მაინც ემსახურება, რაც უნდა აღინიშნოს, რომ მეტად წამგებიანია თავად კომპანიისთვის. ვემსახურებით ძირითადად იმ სოფლებს, რომლებიც წყალმომარაგების კომპანიის სათავე ნაგებობების ქალაქამდე მიმავალი მაგისტრალების გზაზეა მოხვედრილი. არსებობს აზრი, რომ ზოგადად სოფლების მომსახურება საკუთარ თავზე აიღონ მუნიციპალიტეტებმა, ძალიან ხშირად წყალმომარაგების კომპანიაში შემოდის წერილები, რომელშიც მუნიციპალიტეტები თავად ითხოვენ სოფლების გადაცემას, ვინაიდან ადგილზე სოფლების მომსახურება ბევრად გაადვილებდა ამ პროცესს.”
სასოფლო წყალმომარაგების საკითხებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შექმნილი ააიპ – ები ახორციელებენ. ის, რისი შესაძლებლებლობა აქვს მერიას, შესაბამისი თანხის ფარგლებში ვახორციელებთ, – ამბობს საგარეჯოს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელი. კახეთს 8 მუნიციპალიტეტის მერია სასოფლო წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის ყოველწლიურად დაახლოებით 20 მილიონ ლარს ხარჯავს, თუმცა საკითხი ბევრ ადგილას ისევ გადაუჭრელია.
ბუსუსიანი ჭიები ონკანში და კანალიზაციის მდინარეები ქუჩებსა და ბაღ–ვენახებში
ერთიანი წყლის სისტემა და მოწყობილი სათავე ნაგებობები, როგორც წესი, კახეთში, ძირითადად, არ არსებობს. მაგალითად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელ წყალს ძირითადად ეზოში ამოთხრილი ან არტეზიულად გაჭრილი ჭებიდან ღებულობენ. როგორც არმოჩნდა, ყველაზე დიდი პრობლემა ქალაქ ლაგოდეხშია. ქიზიყის 31 ნომერში მცხოვრები ქალბატონი ჟენია კაპანაძე ამბობს, წყალს დროდადრო ბუსუსიანი ჭიები მოჰყვება. პატარა წვიმაც კი საკმარისია, რომ სასმელი წყალი აიმღვრას და ჟანგისფერი წამოვიდეს. წყალს ხან ფოთოლი მოჰყვება, ხან ხავსი. შეშინებული მოსახლეობა იძულებულია, წყალი აადუღოს და ისე გამოიყენოს სასმელად, მაგრამ ამ ქუჩას მხოლოდ სასმელი წყლის პრობლემა არ აწუხებს. ქიზიყის 31-ე ნომრის ხუთსართულიანი კორპუსის, ეზოში უკვე მესამე კვირაა, კანალიზიაციის მილია გამსკდარი და ჭიდან ფეკალური მასით დაბინძურებული წყალი რუებად მიედინება. მოქალაქეებმა რამდენჯერმე მიმართეს წყამომარაგების გერთიანებული კომპანიის ადგილობრივ ოფისს, თუმცა უშედეგოდ.
კომპანიამ მოსახლეობას პრობლემის გადაჭრაში თანამონაწილეობა შესთავაზა: ამხანაგობის შექმნა და თანადაფინანსება მოითხოვეს, თუმცა ქიზიყის ქუჩის მცხოვრებლები კატეგორიული წინააღმდეგი არიან. წინააღმდეგობა ცუდმა გამოცდილებამ წარმოშვა: კორპუსის მცხოვრები ინგა გოცირიძე ამბობს, რომ გადასახადს ყველა არ იხდიდა და, ამის გამო, მეზობლებში სულ ალიაქოთი იყო. გერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯერმა `კახეთის ხმას” ამ პრობლემასთან დაკავშირებით არაფერი უთხრა, მხოლოდ ის განაცხადა, რომ ისინი არაფერს წყვეტენ და მათი უფროსობიდან მიღებულ დავალებებს ასრულებენ, გამოძახებებს კი უყურადღებოდ არ ტოვებენ.
ქალაქ ლაგოხედში კანალიზაცია ყველა ქუჩაზე არ არის. სადაც მაგისტრალი გადის, ყველგან პრობლემებია. მილი იჭედება ან სკდება და ხშირად ფეკალური მასა ან საირიგაციო არხში მიედინება, ან პირდაპირ გზასა და ეზოებში. რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები ციური შავაძე ამბობს, რომ ამ ქუჩაზე კანალიზაცია მწყობრიდანაა გამოსული. მოსახლეობას ისიც აწუხებს, რომ კანალიზაციის მილი პირდაპირ ხევში ჩაედინება, რომელსაც ბაღების სარწყავად იყენებენ და გარემოსთან ერთად საკვებსაც აბინძურებს.
დაკარგული ფუნქცია
2016 წლიდან ქალაქის წყალმომარაგებასა და კანალიზაციას თვითმმართველობა ვეღარ უწევს ცონტროლს. მას შემდეგ, რაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მმართველობაში გადავიდა ქალაქის წყლისა და კანალიზიაციის მთლიანი სისტემა, სოფლების წყალმოამრაგება მერიის ფუნქციაში დარჩა.
,,კანალიზაციაც და წყალმომარაგების ქსელებიც მწობრიდან იყო გამოსული და ახლა ელოდებიან პროექტების დამტკიცებას, რის ფარგლებშიც წყლისა და კანალიზაციის პრობლემა უნდა მოგვარდეს. ქალაქის რამდენიმე უბანში დღემდე მოუწესრიგებელია წყლის პრობლემა. სასმელად ხევის წყალს ვაწვდით და ამინდის გაუარესების დროს წყალი საშინლად იმღვრევა. მიუხედავად იმისა, რომ იფილტრება და იქლორება მაინც ბოლომდე არ იწმინდება წყალი. წყლის მაგისტრალიც ზოგან ძველია და ზიანდება. კა¬ნალიზაციის სისტემაც ძალიან ცუდ მდგომაროებაშია. ძველია მილები ხან სად ზიანდება, ხან სად. საკმაოდ პრობლემატურია კანალიზიაციის სისტემაც. აუცილებელია წყალგამწმენდი ნაგებობის გაკეთება”, – აცხადებდა ჩვენთან ლაგოდეხის საკრებულოს წარმომადგენელი დავით ბაკაშვილი.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელი კი განმარტავს: -,,ლაგოდეხში თავდაპირველად სათავე ნაგებობა მარტივი ტიპის იყო – ეგრეთ წოდებული ნელი ფილტრებით, წყლის აღება ხდებოდა მდინარის აქტიური კალაპოტიდან, აღნიშნულის გამო ხშირი იყო ამღვრევა, რის გამოც მოსახლეობას წყლის მიწოდება უწყდებოდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, 2012 წელს ჩვენმა კომპანიამ გამოყო დაფინანსება, რის შედეგადაც ქალაქ ლაგოდეხში უზრუნველყოფს წყლის ხარისხს. დღეისათვის ლაგოდეხში დაგეგმილია ქალაქის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციაც, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ქალაქის წყალმომარაგების რეჟიმსა და ხარიხს”
ხელისუფლების პრიორიტეტებიდან ირკვევა, რომ რეგიონებში ფულის ხარჯვა ძირითადად წყალმომარაგების სისტემის მოსაწესრიგებლად ხდება, კანალიზაციების შეკეთებაზე კი, მიზერული თანხა იხარჯება ან საერთოდ არაფერი.
2016 -2019 წლებში სახელმწიფომ ლაგოდეხის წყალმომარაგების მოწესრიგებაზე 12 მილიონ ლარის ინვესტიცია გამოყო, კანალიზაციის ქსელის მოწესრიგებაზე კი ნული ლარი. ამავე რაიონში სოფლის პრგრამებით გათვალისწინებული 171 ათასი ლარიც წყალმომარაგებაზე დაიხარჯა, აქედანაც არც ერთი ლარი საკანალიზიაციო სისტემაზე არ ყოფილა გათვალისწინებული.
არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს მწვანეთა მოძრაობის – ,,დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარე, ექსპერტი ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ წყლის ხარისხი კომპლექსური თემაა, რაც თვითმმართველობასა და წყლის კომპანიას შორის სტრუქტურულ გაუმართაობასა და პასუხისმგებლობების აღრევაა. -,,როცა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია შეიქმნა, არასამთასვრობო ორგანიზაციების: საქართველოს მწვანეთა მოძრაობისა და გაერთიანებული გლობალური წყლის პარტნიორობის რეაქცია, უარყოფითი იყო ორი მიზეზის გამო: ორგანული კანონის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა მართავდეს ქალაქების წყალმოამრაგებისა და კანალიზაციის სისტემას. მაგრამ მოხდა ისე, რომ ქალაქების წყლისა და კანალზაციის სისტემის მართვა აიღო წყალმომარაგების კომპანიამ, სოფლების წყალმომარაგება კი, თვითმმართველობებს დარჩათ. რაც ჩვენი აზრით, არ იყო მიზანშეწონილი. სჯობდა ადგილობრივი თვითმმართველობები გაერთიანებულიყვნენ და თვითონ ემართათ წყლის სისტემა. მსოფლიოში ასეთი პრაქტიკა არსებობს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შექმნის დროს არასამთავრობო ორგანზიაციებმა კიდევ ერთი პრობლემა წამოწიეს წინ:
-,,მეორე პრობლემა, თავისივე დებულებებიდან იყო გამომდინარე. კანალიზაცია საერთოდ გამორჩათ. ორგანულ კანონშიც და წყლის კანონშიც წერია, რომ ერთიანი სისტემაა _ წყლის სისტემა და კანალიზაცია, მაგრამ კანალიზაცია თავიდან დაუტოვეს ადგილობრივ თვითმმართველობას. მერე მოხდა კანალიზაციების გადატანა მათ მმართველობაში. “
წყლის სისტემა მუდმივად ვერ იქნება ინვესტორისა და ბანკების იმედად, საბოლოოდ უნდა შეიქმნას ისეთი კომპანია, რომელიც საკუთარ ხარჯებს დაფარავს, კანალიზაცია იმიტომაა მიბმული წყლის სისტემაზე, რომ თავიდან-ვეა ამ ორივე სისტემის შენახვის ხარჯი წყლის გადასახადის ტარიფშია განსაზღვრული.
-,,ყველა განვითარებულ ქვეყანაში ასეთია გამოცდილება, წყლის გადასახადშია განსაზღვრული კანალიზაციის მოვლის თანხაც და ეს გადასახადი ფარავს საკანალიზიაციო ხარჯს,”_ამბობს ნინო ჩხობაძე.
კიდევ ერთი შემაშფოთებელი სტატისტიკა: საქართველოში 4000-მდე დიდი, მცირე და პატარა სოფელი, დასახლებული პუნქტია და აქედან საკანალიზაციო სისტემები მხოლოდ 5 პროცენტს აქვს.
დღევანდელი სიტუაცია ასეთია: საქართველოს ქალაქებში საბჭოთა პერიოდში გვქონდა ცხრა გამწმენდი ნაგებობა, რომლებიც 20 წლის წინ მოიშალა.
კახეთში არც ერთი წყალგამწმენდი ნაგებობა აღარ არსებობს, რაც იყო, გამოვიდა მწყობრიდან.
უსაფრხთო წყალი
ჩვენ მიერ მოკვლეული მასალებით ირკვევა, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა, ვერ იცავს მოსახლეობის უსაფრხოებას. ქვეყანა, რომელიც ოკუპაციის პირობებშია და გარე საფრხეს ელის, მისი მოქალაქეების უსაფრხოებას ვერც ქვეყნის შიგნით უზრუნველყოფს, წყლის სათავე ნაგებობები დაუცველია, წყლის ხარისხი ხშირ შემთხვევაში უკონტროლო და, შესაბამისად, მოსახლეობა დაუცველია წყლისმიერი ეპიდემიისაგან.
ალქსანდრე მინდორაშვილი, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი იყო, აღნიშნავს, რომ საქართველოს წყალმომარაგების სისტემა დაუცველია ორი მიმართულებით:
ინფრასტრუქტურის მოშლიდან გამომდინარე წყლის დაბინძურების მაღალი რისკისა და სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურების ფუქნქციათა შესუსტების გამო. ფაქტობრივად, ქვეყანაში არ არსებობს საკანონმდებლო დონეზე დელეგირებული სამსახურები, რომელთა მთავარი ამოცანა იქნებოდა წყლის ხარისხის შემოწმება და სასმელი წყლის სათავე ნაგებობების დაცვა დაავადების გამოწვევისაგან. სპეციალისტი შიშობს, რომ სანიტარული ნორმების დაღღვევა იმდენად ხშირია, მოსახლეობა ხშირად ვერც კი იღებს ინფორმაციას ამა თუ იმ დაავადებათა გამომწვევი მიზეზის შესახებ. `საკმარისია ერთი სათავე ნაგებობა დაბინძურდეს, რომ საფრთხე მთელ დასახლებულ ტერიტორიას შეიძლება დაემუქროს”,- აღნიშნავს მინდორაშვილი.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლის პროფესორი თეა მჭედლური აღნიშნავს, რომ გარემოზე ზემო¬ქმედების თვალსაზრისით წყლის ხარისხის პრობლემა იმდენად ღრმა და მნიშვნელოვანია, მისი სტუდენტების სამეცნიერო კვლევებითაც დასტურდება.
-,,ჩვენ ამ საკითხს კომპლექსურად მივუდექით: მდინარე ალაზანი ბინძურდება, რეალური სურათი მძიმეა. ფაქტობრვიად მთელი თელავის, ახმეტისა და სხვა რაიონების სკანალიზაციო სისტემები ალაზანში იყრის თავს. თავის მხრივ კი, მდინარე უზრუნველყოფს ვენეხებისა და ბაღების მორწყვას. ეს იმას ნიშნავს, რომ საფრხე არა მხოლოდ სასმელ წყალს ეხება, არამედ ნიადაგს, შემდეგ მცენარეებსა და ბოლოს პროდუქტებს. ჩვენი კვლევებით დასტურდება, რომ დაბინძურებულია. სახელმწიფომ უნდა დიდი ყურადღება დაუთმოს ბიოლოგიურად გამწმენდი ნაგებობების მშენებლობას.”
საკითხი რომ კომპლექსური გახდა, ამას კვლევებთან ერთად სპეციალისტებიც ირწმუნებიან: დაბინძურებული წყლის, კანალიზაციისა და პესტიციდების უსისტემო გამოყენების გამო, ნიადაგში მძიმე მეტალებისა და სხვა საშიში ნივთიერებების დალექვა მევენახეობისა ღვინის წარმოებაზეც მოახდენს უარყოფით გავლენას.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოსა და ანაგის რამდენიმე უბანში ამღვრეული სასმელი წყალი მოდის. მოსახლეობა წუხს და მოითხოვს, ადგილობრივმა თვითმმართველობამ, მოაწესრიგოს წყლის მაგისტრალები. ნათია ძმანაშვილი, საქობოს მკვიდრი აღნიშნავს, რომ ექვსბავშვიან ოჯახში წყლის უსაფრხოებაზე პასუხისმგებელი არავინაა, ის და მისი შვილები სახელმწიფოსგან დაუცველი არიან.
-,,საქობოში ვცხოვრობ. წყალი შეფერილია და სილა მოჰყვება. ოჯახში ექვსი ბავშვი გვყავს და ძალიან ვფრთხილობთ, რომ ბავშვებმა ონკანიდან წყალი არ დალიონ. რადგან მაშინვე ფაღარათი ემართებათ. წყლის ხარისხზე ჩვენი მეზობლებიც წუხან. საშველი კი ჯერ არ დაგვადგა. “
სოფლების, საქობოსა და მაშნაარის ნაწილს წყალი ერთი სათავე ნაგებობიდან მიეწოდება. სათავე ნაგებობა გრუნტის წყლებიდან საზრდოობს. რამდენიმე წელიწადია არსებობს ეჭვი, რომ ამ წყალსა და სათავე ნაგებობას აბინძურებს სიღნაღიდან გამომავალი კანალიზაციის მილი, რომლიც სათავე ნაგებობასთან ახლოს ჩაედინება. იმავე საშიშროების წინაშე აღმოჩნდა ანაგის ერთ-ერთი სათავე ნაგებობა, რომლითაც რამდენიმე ათეული ოჯახი სარგებლობს. ეს სათავე ნაგებობა იმ ხევთანაა ახლოს, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობის კანალიზიაციის წყალი ჩაედინება სიღნაღის კანალიზაციის სისტემიდან. მართალია, ჩატარდა ამ ხევის წყლის ანალიზი და ჯერჯერობით დამაკმაყოფილე¬ბელი აღმოჩნდა, მაგრამ როდესაც ხევში წყალი კლებულობს, დაბინ-ძურების ხარისხი მატულობს.
სამწუხარო რეალობაა, რომ ქვეყანაში წყლის უსაფრხოების დაცვის არანაირი მექანიზმი არ არსებობს. იმ შემთხვევაშიც კი, რომ დადასტურდეს შეგნებულად წყლის სათავეს დაბინძურება, კანონით დამნაშავის გასამართლებაც კი გართულდება.