დღეს საპარლამენტო არჩევნებია
დღეს საპარლამენტო არჩევნებია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას ინფორმაციით, არჩევნებზე მისვლა უსაფრთხოა პანდემიის პირობებშიც კი, რადგან მათ მიერ ყველა რეკომენდაცია შესრულებულია ამომრჩეველთა ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის.
თამარ ჟვანიას თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ამომრჩევლების და საარჩევნო პროცესის სხვა მონაწილეების ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
,,საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით უპასუხა ყველა იმ გამოწვევას, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგში დააყენა. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყო, რომ ამომრჩევლებმა არჩევანი თავისუფალ, გამჭვირვალე და უსაფრთხო გარემოში გააკეთონ.
კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებულია ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას.
ასევე აღსანიშნავია, რომ ამომრჩევლებს საარჩევნო უბანში ყოფნა მხოლოდ ცოტა ხნით უწევთ, რაც აღიარებულია, რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არ არის რისკის მატარებელი.
არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი. ასეთ უბნებზე ხმის მიცემის უზრუნველყოფა და შედეგების დათვლა მოხდება ცალკე, სპეციალური ჯგუფის მიერ.
მინდა ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო აქტიურობისკენ და ვუთხრა, რომ არჩევნებში მონაწილეობა უსაფრთხოა მათი ჯანმრთელობისთვის”,- განაცხადა თამარ ჟვანიამ.
2020 წლის 29 ივნისს პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში ისტორიულ ცვლილებებს დაუჭირა მხარი -საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მეტად დაახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით ჩატარდება – 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით აირჩევს 1%-იანი ბარიერით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით. საქართველოს პარლამენტი 4 წლის ვადით აირჩევა.