ახალგაზრდების დასაქმების და მიგრაციის პრობლემა კახეთის რეგიონში
თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დასაქმებაა. მათ ნაწილს თბილისში, ნაწილს კი უცხოეთში უწევს სამსახურის საძიებლად წასვლა, რაც ტვინების გადინებას და რეგიონიდან ახალგაზრდების მასობრივ შიდა და გარე მიგრაციას იწვევს.
კახეთის რეგიონში ახალგაზრდებისგან 80-მდე სოფელი იცლება. მოსახლეობა ამბობს, რომ სოფლებსა და მუნიციპალიტეტებში არ არის შესაძლებლობა მათი განვითარების, რის გამოც ისინი სხვაგან საცხოვრებლად წასვლას ამბჯობინებენ.
ახალგაზრდების მასობრივი მიგრაცია შეინიშნება თელავში. ადგილობრივი აბიტურიენტი ანა ხეჩიაშვილი აცხადებს, რომ მათთვის რეგიონში არანაირი პერსპექტივა არარსებობს, სწორედ ამიტომ ის ჯერ თბილისში წასვლას, შემდეგ კი საზღვარგარეთ ცხოვრებას აპირებს.
,,ყოველწლიურად თელავი ძალიან მნიშვნელოვან ინტელექტუალურ რესურსს კარგავს. მეც ახლა ვარ აბიტურიენტი და ვაპირებ სწავლის გაგრძელებას თბილისში და შემდეგ უცხოეთში წასვლას. თელავი არის შავ-თეთრი ქალაქი და მე უბრალოდ აქ ცხოვრება არ მინდა. რეალურად აქ არაფერი არ არის, გარდა კაფეებისა და რესტორნებისა. ახალგაზრდებს ბევრი პრობლემა აქვთ და სწორედ ამიტომ მიდიან და უკან აღარ ბრუნდებიან”,- განუცხადა knews.ge-ს ანა ხეჩიაშვილმა.
მსგავს პრობლემებზე საუბრობენ თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვა ახალგაზრდებიც.
27 წლის თელაველი ნათია მექუდიშვილი მიუხედავად სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილებისა, რამდენიმე წელია სამსახურის ძიებაშია.
მან სხვადასხვა საფინანსო დაწესებულებებსა და მარკეტების მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმე რამდენჯერმე გააგზავნა თუმცა დამსაქმებლების ნაწილი მას არ შეეხმიანა, ნაწილმა კი გასაუბრების შემდეგ გაურკვეველი მიზეზით დასაქმებაზე უთხრა უარი.
,,საჯარო მმართველობის ბაკალავრის შემდეგ მივიღე სამართლის მაგისტრის ხარისხი და ამ პროფესიით ვიმუშავე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, თუმცა აღარ მოვისურვე ამ პროფესიის გაგრძელება. რამდენიმე ბანკში გადავაგზავნე რეზიუმე, ზოგისთვის მრავალფეროვანი იყო ის და ზოგისთვის შეუფერებელი.
ვფიქრობ, პრობლემა არის თავად დამსაქმებელში, ისინი არ ცდილობენ გამოზარდონ კადრი. ასევე მაღაზიაში გასაუბრებაზე ვიყავი კონსულტანტის ვაკანსიაზე, ახალი ჩაბარებული მქონდა მაგისტრატურაზე და არ მიმიღეს საეჭვოდ მიმიჩნიეს იმ მიზეზით, რომ შესაძლოა შიდა სამზარეულოს გამოსაკვლევად ვყოფილიყავი,”- აცხადებს ნათია მექუდიშვილი.
თელავში მცხოვრები ნინო ბოჭორიძე დამსაქმებლების მხრიდან ახალგაზრდებისთვის ხელოვნურად შექმნილ პრობლემებზე საუბრობს. ის ამბობს, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად მან სტუდენტზე მორგებული გრაფიკით სამსახური ვერ იშოვა.
,,ახალგაზრდები ვხვდებით ერთგვარ სტანდარტებს, რომლებიც გულისხმობს გამოცდილების ცენზს, არაადამიანურ გრაფიკს და დაბალ ანაზღაურებას. დამსაქმებლები უნდა ითვალისწინებდნენ, რომ სტუდენტებისთვის მორგებული გრაფიკი შესთავაზონ ახალგაზრდებს, მაგრამ ეს არ ხდება. ყველას სჭირდება გამოცდილი კადრი, მაგრამ თუ ორგანიზაციები არ დაასაქმებენ სტუდენტურ პერიოდში ადამიანური გრაფიკით ახალგაზდებს, ეს გამოცდილება არ გვექნება. მთელი ჩემი სტუდენტობის პერიოდში, აქტიურად ვცდილობ დავაგროვო სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა ორგანიზაციებში როგორც კერძო ისე საჯარო დონეზე.
ამ პერიოდში ბევრგან გამიგზავნია ჩემი რეზიუმე და ძირითად შემთხვევებში ასაკია ყოველთვის გამსაზღვრელი ფაქტორი. ვერ გეტყვით, რომ ბევრი უარი მაქვს რადგან თავად ვფილტრავ ხოლმე არასტუდენტურ გრაფიკს, ჩემთვის მაინც მნიშვნელოვანი განათლებაა. რეალურად თელავში მე არ მეგულება სტუდენტურ გრაფიკზე მორგებული სამსახური გარდა სტაჟირებებისა რომელთა დიდი ნაწილი არ არის ანაზღაურებადი”,- ამბობს ნინი ბოჭორიძე.
ის ახალგაზრდები, კი რომლებსაც რეგიონებში დარჩენა აქვთ გადაწყვეტილი, თვითდასაქმებით ცდილობენ პრობლემის გადაჭრას. ადგილობრივი გიორგი ჩეკურიშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად მან კომპანია ,,cheki photography” შექმნა და სხვებიც დაასაქმა.
,,თელავში ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ ახალგაზრდების გადინება ხდება, მთავარი მიზეზი არის დაბალი ეკონომიკური აქტივობა. შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ ნიჭიერი ადამიანები თავის ცოდნას და რესურსს ახმარებენ დიდ ქალაქებს, სადაც შედარებით მაღალია ხელფასი და პერსპექტივები. მეც თვითდასაქმებული ვარ, შევქმენი კომპანია და მექმნება პრობლემა, რომ ადგილზე ვნახო ნიჭიერი და განვითარებაზე ორიენტირებული კადრი რომელიც დამეხმარება საქმის წინ წაყვანაში”,- განაცხადა გიორგი ჩეკურიშვილმა.
ახალგაზრდები ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე საერთაშორისო დონორ და არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვენ მეტი მიზნობრივი პროექტი განახორციელონ, რომლებიც მათ ადგილზე დასაქმებას და დამაგრებას შეუწყობს ხელს.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კი განმარტავენ, რომ ტვინების გადინების შესაჩერებლად მათ სამი წლის წინ დაამტკიცეს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი, რომლის დახმარებითაც ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანსება და ამ კუთხით სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების თუ პროექტების განხორციელება ხდება.
,,გიდასტურებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტში დგას ტვინების გადინების პრობლემა. თვითმმართელობა აღნიშნული პრობლემების მოგვარებაზე აქტიურად მუშაობს. მე ვიყავი ერთ-ერთი თანამონაწილე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების. ეს კი ხელს შეუწყობს იმას, რომ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდეთ თვითრეალიზების. მინდა ავღნიშნო, რომ საკრებულოს ფრაქცია ,,ქართულმა ოცნებამ” საკონკურსო-საგრანტო პირობები შექმნა სწორედ ამ ადამიანებისთვის და დოკუმენტის ფარგლებში, დაფინანსდა 5 ახალგაზრდული იდეა და რისი დაფინანსებაც ვერ მოხდა, გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის ბიუჯეტში”,- განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური კომისიის თავმჯდომარემ ლევან კოჭლოშვილმა.
სამოქალაქო აქტივისტი, არჩილ მჭედლიშვილი აცხადებს, რომ რეგიონიდან მიგრაციას ხელს უწყობს ახალგაზრდული სივრცეების არარსებობა სოფლებსა და მუნიციპალიტეტებში.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ახალგაზრდა დასაქმდება, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი სივრცე, სადაც სამსაურის შემდეგ დროს ნაყოფიერად გაატარებს, მიიღებს არაფორმალურ განათლებას და გაერთობა.
,,მთავარი პრობლემა რაც მუნიციპალიტეტიდან კადრების დიდი რაოდენობით გადინებას იწვევს, არის ის, რომ არ არის ადგილზე განვითარების პერსპექტივა. ახალგაზრდებისთვის პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებია ნაკლები, ასევე დასაქმებაც დიდი პრობლემაა და გართობისაც. შესაბამისად ამიტომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი იქ წასვლას ამჯობინებს, სადაც ადვილად დასაქმდება, განვითარდება პიროვნულად, პროფესიულად და გაერთობა კიდევაც”,- განაცხადა არჩილ მჭედლიშვილმა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 და 2019 წელს გასული წლების მსგავსად უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება. ამავე სტატისტიკით უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო ტიპის დასახლებებში.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში, ისევე როგორც ყველგან, როგორც შიდა, ისე გარე მიგრაციის გამომწვევი ფაქტორები კომპლექსურია და დაკავშირებულია როგორც ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ ცვლილებებთან, ისე ადამიანების ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებთან.
საქართველოში, სასოფლო ტიპის დასახლებებში, მოსახლეობა ყოველწლიურად მცირდება, რაც ზოგადად ქალაქი/სოფლის სტრუქტურაზეც აისახება.
საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს 98 935 ადამიანი წავიდა ემიგრაციაში, საიდანაც 56 116 მამაკაცი, ხოლო 42 819 ქალია, 2019 წელს კი ეს ციფრი გაიზარდა და ემიგრანტთა რაოდენობამ 105 107 ადამიანს მიაღწია, საიდანაც 58 846 მამაკაცი, ხოლო 46 261 ქალია.
2019 წელს 20-24 ასაკობრივიო კატეგორიის 11 365 ახალგაზრდა, ხოლო 25-29 ასაკის 14 545 ახალგაზრდა გავიდა ქვეყნიდან. დრამატულად იზრდება ციფრები ასევე სხვა ასაკის ახალგაზრდების გადინების ქვეყნიდან.