კახეთის რეგიონში კორონავირუსის 181 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში 19 ოქტომბრის მდგომარეობით ეპიდსიტუაცია სტაბილური და მართვადია.
მისი თქმით, სექტემბრიდან დღემდე რეგისტრირებულია კოვიდ 19-ის 181 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა.
,,მუნიციპალიტეტების მიხედვით დადასტურებული შემთხვევების განაწილება ასეთია: ახმეტა -21, გურჯაანი -24, დედოფლისწყარო -5, ყვარელი -36, სიღნაღი – 26, ლაგოდეხი -23, თელავი – 45 და საგარეჯო – 1”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს კოვიდ 19 -ით ინფიცირება დაუდგინდა ასევე ქალაქ თელავის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელს.
,,აღნიშნულ პედაგოგს კონტაქტი ჰქონდა თითქმის ყველა მასწავლებელთან და სკოლის დირექციასთან. სპეციფიური ობიექტური და სუბიექტური გარემოებების გამო, ვერ ხერხდება კონტაქტების იდენტიფიცირება სრულყოფილად. სკოლის ადმინისტრაციის, რესურს ცენტრის და საზჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, სკოლა გადაყვანილია ონლაინ სწავლების რეჟიმზე. პროტოკოლის გათვალისწინებით ყველა პირს ჩაუტარდება ტესტირება”,- განაცხადა ხიზანიშვილმა.
მისივე თქმით, რეგიონში ინფიცირებულებიდან 31 პირი მკურნალობს კოვიდ-კლინიკაში, 85 პირი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 5 იმყოფება კარანტინში, 60 პირი კი გამოჯანმრთელდა.
ხიზანიშვილის განცხადებითვე არცერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის და არც გარდაცვალების არცერთი შემთხვევა დაფიქსირებულა. საკარნტინე 3 სივრცეში კი ამჟამად იზოლირებულია 159 მოქალაქე, ხოლო სახლებში თვითიზოლაციაში იმყოფება 532 მოქალაქე.