ახალი ამბები

სოფელ ერისიმედში დღეიდან სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადადის

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერისიმედში დღეიდან გადაადგილება იზღუდება, საჯარო სკოლა კი დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადადის.

ეპიდემიოლოგებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ერთ-ერთი ოჯახის ორ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდათ და გაირკვა, რომ მათ სოფელში ბევრ ადამიანთან ჰქონდათ კონტაქტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში შინაგან საქმეთა სამინისტროს საკონტროლო პუნქტი ამოქმედდა, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სპეციალური საველე კარავი ააწყვეს.

,,უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოფელ ერისიმედში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში ადგილზევე ჩაუტარდებათ ტესტირება. სამართალდამცველები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად ინტენსიურ რეჟიმში ახდენენ პატრულირებას.

პოლიცია პრევენციულ ღონისძიებებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად ატარებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას დაწესებული შეზღუდვებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში, მათ მაქსიმალურად ეხმარებიან”,- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.