კორონავირუსის დაფიქსირების გამო სოფელ ერისიმედში შეზღუდვები დაწესდა
კორონავირუსის დაფიქსირების გამო, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში, დღეს დილიდან შეზღუდვები დაწესდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის უწყებების, ეპიდემიოლოგებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ერთობლივად იქნა მიღებული.
სოფლის შესასვლელ-გასასვლელში გაშლილია სამედიცინო კარავი, სადაც მოქალაქეებს უტარდებათ ტერმოსკრინინგი , საჭიროების შემთხვევაში კი ადგილობრივების PCR ტესტირება მოხდება.
კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელის, ირაკლი შიოშვილის ინფორმაციით, პრევენციული ღონისძიების მიზეზი მოქალაქეთა უსაფრთხოებაა. მისი განმარტებით, სხვა შეზღუდვებთან ერთად საჯარო სკოლაში სწავლა დღეიდან დისტანციური მეთოდით იქნება.
შეგახსენებთ, სოფელ ერისიმედში 58 წლის ქალს და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუფიქსირდათ. არსებული ინფორმაციით, მათ კონტაქტი ადგილობრივების უმრავლესობასთან ჰქონდათ, რაც დაწესებული შეზღუდვენის მიზეზი გახდა.
რეგიონში, კორონავირუსით დაინფიცირების 74 შემთხვევაა დაფიქსირებული.