სოფელი ერისიმედი შესაძლოა კარანტინის ზონად გამოცხადდეს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ერისიმედი მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და მათი ჯანმრთელობის მიზნით, შესაძლოა კარანტინის ზონად გამოცხადდეს.
შესაბამისი სამსახურები გადაწყვეტილებას დღის ბოლომდე მიიღებენ. გავრცელებული ინფორმაციით, პრევენციული ღონისძიების გატარების მიზეზი მამაკაცის ინფიცირებაა, რომელსაც სოფელში თითქმის ყველა ადგილობრივთან ჰქონდა შეხება. პაციენტის თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანა დღეს იგეგმება.
ეპიდემიოლოგებმა სოფლის ყველა მკვიდრს ანალიზი აუღეს, რომლის პასუხი რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, სამარშრუტო ტაქსის მძღოლსაც. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ის სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფება და მას COVID-19-ზე განმეორებით ანალიზს სავარაუდოდ, დღეს აუღებენ. ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსის 74-ე შემთხვევაა დაფიქსირებული.