ახალი ამბები

ლაგოდეხში კორონავირუსით დაინფიცირებული ჩვილის კონტაქტებს კვლევა უტარდებათ

ლაგოდეხში 3 თვის ჩვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ირაკლის შიოშვილის განცხადებით, მიმდინარეობს ყველა შესაძლო კონტაქტის მოძიება, მათ შორის ჩვილის ოჯახის წევრებს უკვე ჩაუტარდათ კვლევა და პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

,,რაც შეეხება 3 თვის ბავშვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ყველა კონტაქტი გაყვანილია თვითიზოლაციაში და მიმდინარეობს დაკვირვება. ჩვილის დაინფიცირება უკავშირდება აჭარას. რადგან ის ბავშვია და ახლო შეხება ჰქონდათ მასთან მშობლებს, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მათაც დაუდასტურდებათ ვირუსი. აღებული გვაქვს სინჯები და დღეს გახდება ცნობილი პასუხები”,- განაცხადა შიოშვილმა. მისივე ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდის მიუხედავად, რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია. თუმცა პრევენციის მიზნით, მატანის შემდეგ მოსახლეობას ახლა უკვე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში უტარებენ თერმოსკრინინგს და ტესტირებას. ,,სოფელ ველისციხეში მიმდინარეობს დასავლეთიდან სამუშაოდ ჩასული პირების თერმოსკრინინგი. ასევე დაიწყო სწრაფი ტესტით მათი შემოწმება. გუშინ ჩატარდა 51 კვლევა და ყველას პასუხი უარყოფითი იყო”,- განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

მისი თქმით, თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ ასევე ქარხნებთან რიგებში მყოფ მოქალაქეებს. მანვე განაცხადა, რომ რეგიონში შექმნილია ასევე სპეციალური ჯგუფები, რომლებიც სოფლებში გადაადგილდებიანდ ა ყველა შემხვედრს თერმოსკრინინგს უტარებენ.

,,რთველთან დაკავშირებით სადაც არის რიგები, იქაც გადავწყვიტეთ თერმოსკრინინგის ჩატარება. ასევე გუშინ პრევენციის მიზნით, კახეთის რეგიონში შეიქმნა ჯგუფები, რომლებიც დადიან სოფლებში და ხალხმრავალ ადგილებში უტარებენ მოსახლეობას თერმოსკრინინგს.”,– განაცხადა შიოშვილმა.