ბლოგები

ავბედითი რიცხვი – 27

27 სექტემბერს 27 წელი სრულდება, რაც საკუთარ ფესვებს მოწყვეტილი აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობის უზარმაზარი ნაწილი აგორებულ ქვასავით იცვლის საცხოვრებელს. 

27 წელია  წარმომავლობის, ეროვნებისა და რწმენის განურჩევლად ერთი განზოგადებული სახელი – იძულებით ადგილნაცვალი პირი, დევნილი ჰქვია.ერთი შეხედვით, შეიძლება ვიღაცას კითხვა გაუჩნდეს – მერე რა, თუ აფხაზეთში არ ცხოვრობენ, მაინც საკუთარ სამშობლოში არიან და საწუწუნო რა აქვთ, როდესაც უამრავი ადამიანი ემიგრაციაში ღვრის ოფლსო.

საკუთარ სამშობლოში ყოფნა მართლაც დიდი ბედნიერებაა, მაგრამ, სამწუხაროდ, მარტო ეს არ კმარა. გარდა იმისა, რომ დევნილს არ გააჩნია საკუთარი საცხოვრებელი ფართი, მას თვითდასაქამების ნაკლები შანსიც აქვს, რადგან ნებისმიერ სამეწარმეო საქმიანობას საბაზისო თანხა ესაჭიროება, რასაც უმეტესწილად, ბანკები აფინანსებენ, რასაკვირველია, უძრავი ქონების უზრუნველყოფის გარანტიით.

იძულებით ადგილნაცვალ პითა უმრავლესობა ორ ათეულ წელზე მეტია მუდმივად იცვლის ბინას იმის მოლოდინში, რომ წელს მაინც დააკმაყოფილებენ საცხოვრებლით, თუმცა, დაპირებები მეტია, ვიდრე საქმე. გარდა აღნიშნული პრობლემისა, დღემდე ფსიქოლოგიურ დამღად აზის უკვე აქ დაბადებულ მოზარდსაც კი, რომ დევნილია, რომ არაფერი ვთქვათ იმ ადამიანებზე, რომლებსაც ასაკის გამო ისედაც გაუჭირდათ ადაპტაცია.

ყველაზე სამწუხარო კი მაინც ის არის, რომ მედიასაშუალებებმა თითქმის მიივიწყეს მოქალაქეთა ეს კატეგორია. თუ კონფლიქტის დამთავრებიდან პირველ ათეულ წლებში ხშირად შუქდებოდა ამ ბედკრულ ადამიანთა სატკივარი, მათი ყოფითი თუ სხვა პრობლემები, დროთა განმავლობაში არა თუ მეორეხარისხოვან თემად იქცა, არამედ საერთოდაც მივიწყებულია. მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როდესაც სამინისტრო რამდენიმე ათეულ ოჯახს საცხოვრებელ ფართს გასდასცემს, ისიც, ალბათ სამინისტროს პიარისათვის და არა იმიტომ, რომ ვიღაცას მართლაც აღელვებს ამ ადამიანთა ბედი. ან რატომ უნდა დაინტერესდნენ, აქ ხომ არაფერია სენსაციური, ისეთი, მკითხველის თუ მაყურებლის ყურადღებას რომ მიიპყრობს და გამშუქებლის რეიტინგს ასწევს.

არა, აქ უკვე ყველაფერი ნაცნობია, მობეზრებული. სახლი არა აქვს? – მერე რა, რამდენი უსახლკაროა ქვეყანაზე; უმუშევარია? – ნახევარი საქართველო ასეა; გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ? – არც ესაა საინტერესო, დღეს ბევრს უჭირს; დაკარგულ საფლავებს მისტირიან? –  რა მოხდა, რით ვერ გამოიტირეს!..

ამ ჩამონათვლის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, თუმცა, რა აზრი აქვს, მაინც დარჩება „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“. 27 სექტემბერს  კი დევნილობის 27 წელი სრულდება,  მაგრამ უსასრულოდ გრძელდება მოლოდინი…

 ავტორი: ციცინო ჯულუხიძე