საგარეჯოში არასრულწლოვნებზე გარყვნილი ქმედების ბრალდებით მოზარდი დააკავეს
კახეთის პოლიციამ გარყვნილი ქმედების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა. მასზე ძალადობის ბრალდებით კი ერთი პირია დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გარყვნილი ქმედების ბრალდებით არასრულწლოვანი, ხოლო მასზე ძალადობის და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით ერთი პირი, 1989 წელს დაბადებულ ბ.ქ. დააკავეს.
,,გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულმა არასრულწლოვანმა სხვა არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, რის შემდეგაც მას ძალადობისთვის ბრალდებულმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ ყურის არეში დაზიანებები მიაყენა. პოლიციამ დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები”,- განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 126-ე და 117-ე მუხლებით აწარმოებს.